weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აშშ-ის კონგრესის წევრი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს

12:57 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ვიქტორია სპარცი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს.

დღეს გამოქვეყნებულ წერილში სპარცი წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ექვსჯერ იყო ჩასული და იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ კიევი, „რომელსაც ფაქტობრივად ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს“, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები აღიაროს და მხარი დაუჭიროს, „პოლიტიკას თამაშობს“. მისი თქმით, როგორც ჩანს, კიევს აქვს ფული „არაარსებითი ინფრასტრუქტურის“ აღსადგენად, თუმცა არ აქვს ჯარისკაცების მხარდასაჭერად, „ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2014 წლის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე მებრძოლების დიდი ხნის წინ დაპირებული საცხოვრებელისთვის“.

„ბევრი ამერიკელი და ევროპელი დიდი ხანია სერიოზულად არის შეშფოთებლი ბატონ ერმაკთან დაკავშირებით.

ბატონი ერმაკი სახელმწიფო მოღვაწე რომ იყოს, როგორც ისედაც საეჭვო რეპუტაციის მქონე კაცი, ამ ზამთარსვე გადადგებოდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც უკრაინის მზადყოფნა შეამცირა. თუმცა, სწორი საქმის გაკეთება არასდროს არის გვიან“, – წერს კონგრესმენი.

უფრო ადრე, 9 ივლისს, ვიქტორია სპარცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წერილობით მიმართა და ანდრი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის შესახებ კონგრესისთვის ინფორმაციის წარდგენა მოითხოვა.

„ამ კონფლიქტში ჩვენი მატერიალური ჩართულობის გათვალისწინებით, გვმართებს ამ დონის სიმკაცრე და ანგარიშვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე, რათა ჩვენი დახმარება არ მოხვდეს არასწორი ადამიანების ხელში“, – წერდა სპარცი წერილში, რომლის ნაწილი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ის ასევე აღნიშნავდა, რომ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ბევრს მუშაობს დასავლეთთან და აშშ-სთან ალიანსების დასამყარებლად, აშშ-ს აქვს პასუხისმგებლობა აცნობოს მას, თუ არსებობს რაიმე შეშფოთება საკვანძო პიროვნებებთან დაკავშირებით.

„ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ძლიერი უკრაინელი ხალხის წინაშეც, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან“, – აღნიშნავდა სპარცი.

კონგრესმენი წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ერმაკმა სამართალდამცავ საკითხებში მოადგილედ ოლეგ ტატაროვი დანიშნა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნას ერთ წელზე მეტია აყოვნებს, რაც ანტიკორუფციულ პროკურატურას და ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს უფუნქციოდ ტოვებს. ვიქტორია სპარცის თქმით, თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2020 წელს, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს ტარტაროვის წინააღმდეგ საქმე ჰქონდა აღძრული, რომელიც შემდეგ „შეუსაბამოდ“ გადაეცა რიგით პროკურორს და დაიხურა.

„ტატაროვი ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის დროს პოლიციის უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელიც ევრომაიდანის მომიტინგეებს დევნიდა“, – წერდა სპარცი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ბაიდენისთვის გაგზავნილი ამ მიმართვის გამო ვიქტორია სპარცი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონგრესმენი ცდილობს ამერიკულ პოლიტიკაში დააბრუნოს კლასიკური რუსული პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის ხელმძღვანელობასა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ, ასევე ჩართოს უკრაინა აშშ-ის შიდა პოლიტიკაში.

„ქალბატონ სპარცს ვურჩევთ, შეწყვიტოს დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ომის და უკრაინელების ტკივილის თემის გარშემო უსაფუძვლო სპეკულაციებით. განსაკუთრებით ცინიკურია მანიპულაციები უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ უკრაინული წარმოშობის კონგრესმენების მხრიდან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, სპარცი ამბობს, რომ მის მიერ 9 ივლისს წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის ნაცვლად, ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო და მისმა „მარიონეტებმა“ პოლიტიკური სარგებლის მიღებაში დაადანაშაულეს.

„ამის მტკიცება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ამერიკის ზოგად საარჩევნო პოლტიკაში ვერ ერკვევა. აქედან მე პოლიტიკური სარგებელი არ მაქვს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ დამატებითმა ზედამხედველობამ შეიძლება შეაფერხოს უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდება. პირიქით, ამჟამინდელი ზედამხედველობის ნაკლებობა არის შეფერხებების ხელშემწყობი ფაქტორი, სათანადო ზედამხედველობა და ლოგისტიკა კი მხოლოდ გაზრდის სიჩქარეს და ეფექტურობას“, – წერს ბოლო წერილში ვიქტორია სპარცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]