weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზელენსკის თქმით, 20 მლნ ტონა მარცვლეული საექსპორტოდ მზად არის

13:37 შაბათი, 23 ივლისი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთთან შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი ეს დოკუმენტი უკრაინის პორტების განბლოკვისა და ექსპორტის აღდგენის საშუალებას იძლევა.

ზელენსკის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა არა მხოლოდ ჩაეკეტა უკრაინისთვის ზღვაზე წვდომა, არამედ გაენადგურებინა მისი საექსპოტო პოტენციალი - საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და საწყობები.

„ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით და ახლა შეგვიძლია არა მხოლოდ გავაგრძელოთ შავ ზღვაზე ჩვენი პორტების მუშაობა, არამედ დავიცვათ ისინი. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ პორტების მისადგომები 100%-ით კონტროლდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ზელენსკი ამბობს, შეთანხმების ყველა პუნქტი სრულად პასუხობს უკრაინის ინტერესებს.

„პირველი - გასული წლის მოსავლიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე გავა. ასევე შესაძლებელი იქნება წლევანდელი მოსავლის რეალიზებაც, რომლის აღებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ფერმერების, მთელი სოფლის მეურნეობის სექტორისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებია. ეს სამუშაო ადგილებია. ეს არის თანხები მომავალი წლის თესვისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული.

მეორე - ბოლოს და ბოლოს, არის შანსი, რომ რუსეთის მიერ გამოწვეული სასურსათო კრიზისის სიმძიმე შემსუბუქდეს. არსებობს შანსი, თავიდან ავიცილოთ გლობალური კატასტროფა - შიმშილი, რასაც შესაძლოა გამოეწვია პოლიტიკური ქაოსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კერძოდ, იმ ქვეყნებში, რომლებიც გვეხმარებიან.

მესამე - ეს არის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ უკრაინას შეუძლია გაუძლოს ამ ომს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველაფერი სწორედ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაკონტროლდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ გაეროს ენდობიან და ახლა მისი და საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ შეთანხმებების შესრულება.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი გუშინ, 22 ივლისს, სტამბოლში მოაწერეს. ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანიც ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 24 თებერვლიდან, უკრაინის პორტები შავ ზღვაზე დაიბლოკა, ხოლო აზოვის ზღვაზე მდებარე პორტები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„დღეს ხელმოწერილი ინიციატივა ხსნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას შავი ზღვაზე უკრაინის სამი ძირითადი პორტიდან - ოდესიდან, იუჟნედან და ჩორნომორსკიდან. მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე შემოტანა ხელს შეუწყობს სურსათის მიწოდების უფსკრულის შემცირებას და ფასების დაწევას“, – განაცხადა გაეროს გენმდივანმა.

ომამდე უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა.

 

ამ თემაზე:

UN: უკრაინაში ომი მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს სიღარიბისა და შიმშილის რისკებს უქმნის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]