weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

Amnesty International-ის ანგარიშის გამო უკრაინის ოფისის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

11:26 შაბათი, 06 აგვისტო 2022

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის უკრაინის ოფისის დირექტორმა, ოქსანა პოკალჩუკმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ საკუთარ ანგარიშში უკრაინა ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

ოქსანა პოკალჩუკის განცხადებით, ანგარიში ისე ჟღერს, როგორც რუსული ნარატივის მხარდაჭერა და ის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცა.

„მტკივნეულია აღიარება, მაგრამ Amnesty International-ის ხელმძღვანელობას და მე განსხვავებული ღირებულებები აღმოგვაჩნდა. ამიტომ გადავწყვიტე ორგანიზაციის დატოვება. მიმაჩნია, რომ საზოგადოების სასარგებლო ნებისმიერი სამუშაო უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კონტექსტის და შედეგების გათვალისწინებით... თუ არ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომლშიც დამპყრობლები შემოიჭრნენ და ანადგურებენ, ალბათ, ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს დამცველთა არმიის დაგმობა. არცერთ ენაში არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამას გადასცემენ ადამიანს, ვისაც ეს ტკივილი არ განუცდია... მე ურთიერთობა მქონდა ათობით ქვეყანაში Amnesty International-ის წარმომადგენლებთან, რათა მათთვის უკრაინისა და უკრაინელების პოზიცია გამეცნო. ასევე, არარეთხელ ვესაუბრე უმაღლეს ხელმძღვანელობას, რომელმაც, სამწუხაროდ, რთულ ვითარებაში არ გადადგა სათანადო ნაბიჯები იმ ადამიანების ინტერესების დასაცავად, რომლებისთვისაც ორგანიზაცია მუშაობს“, – განაცხადა პოკალჩუკმა.

მისივე თქმით, ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციაც უნდა ყოფილიყო გათვალისიწნებული, თუმცა პოზიციის წარსადგენად თავდაცვის სამინისტროს არასაკმარისი დრო მისცეს.  

Amnesty International-მა 4 აგვისტოს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „უკრაინა: საბრძოლო მოქმედებების წარმოების უკრაინული ტაქტიკა საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას“. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ განათავსეს თავისი ბაზები საცხოვრებელ უბნებში, მათ შორის, სკოლისა და საავადმყოფოს ტერიტორიებზე, საიდანაც ცეცხლს ხსნიდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

„სამოქალაქო ობიექტების სამხედრო სამიზნეებად გადაქცევის უკრაინულმა ტაქტიკამ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. დასახლებულ რაიონებში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – წერს Amnesty International-ი, რომელიც ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში ბრძოლის ასეთი ტაქტიკა ხარკოვის, დონეცკისა და მიკოლაივის 19 დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს.

ანგარიშის თანახმად, ჯარისკაცების მიერ დასახლებულ ადგილებში ჯავშანტექნიკის განთავასების და სკოლების გამოყენების შემთხვევას ოდესაშიც მიაკვლიეს.

„უკრაინელი სამხედროების მიერ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ობიექტების განლაგების პრაქტიკა არანაირად არ ამართლებს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს.

კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ ყოველთვის უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის იარაღის არჩევისას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი. განურჩეველი თავდასხმები, რომელთა შედეგადაც იღუპებიან ან იჭრებიან სამოქალაქო პირები ან ზიანდება სამოქალაქო ობიექტები, ომის დანაშაულებია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

უკრაინის ხელისუფლებამ უფლებადამცველი ორგანიზაცია გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Amnesty International-ი „ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას“ და პასუხისმგებლობის მსხვერპლისთვის დაკისრებას ცდილობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ კი თქვა, რომ ანგარიში რეალობას ამახინჯებს და ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციულ ძალისხმევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]