weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთმა სირიის თაობაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტი დაბლოკა

10:17 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთმა ვეტო დაადო.

რეზოლუციას 12-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. იმისთვის, რომ რეზოლუცია გასულიყო, ცხრა სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერა საკმარისი იყო, თუმცა რუსეთმა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა. რუსეთის გარდა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ბოლივიამ მისცა, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი ექვსმა სახელმწიფომ დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერც ეს რეზოლუცია მიიღო. რუსეთის დოკუმენტიც, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში მოამზადეს, ითვალისწინებდა ახალი მექანიზმის შემუშავებას სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმების გამოსაძიებლად. რუსეთმა მეორე რეზოლუციაც წარადგინა, რომელიც გულისხმობდა ქალაქ დუმაში მომხდარის გამოსაძიებლად „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მისიის გაგზავნას. აღნიშნული რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა უშიშროების საბჭოს ხუთმა წვრმა მისცა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ექვსმა კი თავი შეიკავა.

გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-მა რეზოლუციის პროექტზე მუშაობის დროს დამატებითი ძალისხმევა გამოიჩინა იმისთვის, რომ რეზოლუციაში რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო. რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აშშ-ის რეზოლუცია ანარქიად და მანიპულაციის მცდელობად შეაფასა. მისი თქმით, აშშ სრულიად ეწინააღმდეგება მოსკოვის პოზიციას.

„რაში გჭირდებათ მექანიზმი, თუ გამოძიებამდე დამნაშავეები უკვე გამოაცხადეთ? გამოძიება საჭირო არ არის, თქვენ არ გინდათ გაიგოთ, რომ დუმაში არ არსებობს ქიმიური თავდასხმის კვალი. თქვენ ეძებდით საბაბს, რომელიც „თეთრი ჩაფხუტების“ [ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელმაც შესაძლო ქიმიური თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია] პროვოკატორების მიერ იქნა მოწოდებული“, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, 7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების ალყაში მყოფ აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, რომელსაც სულ მცირე 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის მთავრობამ ქიმიური თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სიცრუე უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცნობები დადასტურდება, რუსეთს, რომელიც ასადის მთავრობას უჭერს მხარს, მომხდარის გამო პასუხისგება მოუწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]