weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

სააპელაციოს მითითების მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ „რივიერას“ მშენებლობა არ შეაჩერა

14:06 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედება ისევ არ შეაჩერა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელზე ხელახლა მას შემდეგ იმსჯელა, რაც მისი პირველი განჩინება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივად არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო.

„ჩვენ ამ წლის იანვარში სასამართლოში წარვადგინეთ შუამდგომლობა, რომლითაც ვითხოვდით მშენებლობის ნებართვის შეჩერებას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა, შემდეგ უკვე ამ აქტის საფუძველზე მშენებლობის შეჩერებასაც. საქალაქო სასამართლომ შაბლონურად, საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე მითითებით დაუსაბუთებლად გვითხრა უარი ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე. ჩვენ ეს განჩინება გავასაჩივრეთ თბილისის სააპლაციო სასამართლოში, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და პირდაირ მიუთითა, რომ  არ იყო გათვალისწინებული მოსარჩელეთა ინტერესები, მოსარჩელეების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ნებართვის მოქმედების შეჩერება მომხდარიყო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების არა კანონიერ ძალაში შესვლამდე, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ნიკა სიმონიშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოში საქმის დაბრუნების შემდეგ, მოსამართლემ დაუსაბუთებელი განჩინებით კვლავ უარი თქვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე და უკანონო გადაწყვეტილება მეორედ მიიღო.

საია, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენელი, განჩინებას კვლავ გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამჯერად უფრო მეტად მომზადებული დახვდება ამ განჩინებას და თვითონ შეაჩერებს ამ აქტის მოქმედებას, რადგან საქალაქო სასამართლო უგულებელყოფს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რითიც უხეშად არღვევს კანონს.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში გვაქვს“, – აღნიშნა სიმონიშვილმა.

საია აცხადებს, რომ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვა ისე გაიცა, რომ არ ყოფილა გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რითიც შეფასდებოდა, რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქ ბათუმზე, გარემოსა და ადამიანებზე.

„სასამართლოში ყველა ამ ფაქტზე მივუთითებდით. დამატებით წარვადგინეთ ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ურბანულად სრულიად შეუთავსებელია მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისტორიულ ბათუმში, ასევე, შეუსწავლელია, რა გავლენა ექნება მას ბათუმელებზე, ისტორიული ბათუმის გზები გაატარებს თუ არა ამხელა დატვირთვას, ამდენ მანქანას, რასაც ეს პროექტი გამოიწვევს. ვითხოვდით ამ საკითხების გადაწყვეტამდე, მშენებლობის შეჩერებას“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

მრავალფუნქციურ კომპლექსის „ბათუმი რივიერას“ პროექტის ფარგლებში „სილქ როუდ ჯგუფი“ ხუთი ცათამბჯენის აშენებას, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია შედგება „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობისგან და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკისგან. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]