weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზაზა სარალიძე პრეზიდენტს შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს

01:00 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

ზაზა სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობიდან მეოთხე წლისთავზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

სარალიძის თქმით, პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა, გარდა იმ პირებისა - გამომძიებლებისა და პროკურორებისა - ვინც საქმის გამოძიებას ხელს უშლიდნენ.

„მე დღეს ის ბიჭები, ყველა მეცოდება. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო, დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო. განა ის ბავშვები და იმათი მშობლები არ მეცოდება?! მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი ეს, ვინც სიმართლეს იტყვის ყველა გამოუშვან. კალანდიაც გამოუშვან. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე.

პირდაპირ მინდა მივმართო ქვეყნის პრეზიდენტს, რომ თუ რაიმე ბერკეტი არსებობს, ყველა, ვინც არის ჩემი შვილის საქმეზე, კონკრეტულ მკვლელობის საკითხში, გამოუშვან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი სხდებიან, მისცენ საშუალება იმის, რომ ილაპარაკონ სიმართლე, იარონ ქვეყანაზე. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ისიც ეყოფათ, რაც დააშავეს.

არ მაქვს საუბარი იმ საქმის გამფუჭებლებზე. მათ ყველამ უნდა აგონ პასუხი, იმისთვის, რომ ზაზა სარალიძის მსგავსი მეორე აღარ იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. სააპელაციო სასამართლომ მას 15 წლით პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ც, რომელსაც 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]