weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ 5 პირი დააკავეს

12:28 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. დაკავებულებს ბრალად თაღლითობა და ფულის გათეთრება ედებათ. 

მიხეილ სადრაძის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება განხორციელდა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ამ ეტაპისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 17 პირის მიმართ. პროკურატურის ცნობით, 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.

როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც. სადრაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ისრაელის ტერიტორიაზეც.

„საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრის დაკავების თაობაზე გასული წლის 21 ოქტომბერს განაცხადა. როგორც მაშინ პროკურორმა ამირან გულუგაშვილმა თქვა, ორგანიზებულმა ჯგუფმა თაღლითურად დაუფლებული 9 490 991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია შეძლო. დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 6 ადამიანის დაკავების თაობაზე 2022 წლის თებერვალში გახდა ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]