weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას მიმართა

11:19 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ შესაძლო კორუფციული დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 2017 წლის 7 დეკემბერს, მთავარ პროკურატურას მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა იოსებ გოგაშვილის კორუფციული კანონდარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული სავარაუდო ფაქტები.

საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის აგვისტოში, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანსა და შირაქში მდებარე, საერთო ჯამში 1 755 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ხათუნა მარტყოფლიშვილის მამის განმარტებით, მისი შვილი უმუშევარია, არ ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას, არ ფლობს საცხოვრებელ სახლს და თბილისში, დობროლუბოვის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. აღნიშნული გარემოება აგრეთვე დაადასტურა იმ ბინის მესაკუთრემ, რომელსაც ხათუნა მარტყოფლიშვილი ქირაობს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საცხოვრებელ სახლს, რომელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზეა რეგისტრირებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. კანონმდებლობით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურებით შესაძლოა ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ან/და მისი ოჯახის წევრმა.

ამასთან, მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოსებ გოგაშვილი თბილისში, მხატვრების უბანში 3-სართულიან სახლს ფლობს, რომელიც 2016 წელს შეიძინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს 2015 წლის 9 ნოემბრიდან წარმოადგენდა იოსებ გოგაშვილის ცოლის მეორე და, ნინო მარტყოფლიშვილი.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილის ოჯახი 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე, ვიდრე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებოდა და ფულად სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობას) იღებდა. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა.

„რეგინფოს“ მიერ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, დაიწყო თუ არა ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება. უწყებიდან მიღებული პასუხების შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შესწავლილ იქნა მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და შესაბამისად, მითითებულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. სახალხო დამცველის აპარატმა განმეორებით მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდა გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. დასახელებულ კორესპონდენციაზე აპარატს პასუხი არ მიუღია.

გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ წინადადებას ხელს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აწერს. წინადადებაში აღნიშნულია, რომ სახეზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ჩადენის შესაძლო ფაქტი.

 

ამ თემაზე:

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]