weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შედეგი არ ექნება - ჰიკმეტ ჰაჯიევი

16:50 პარასკევი, 16 ივნისი 2017
ჰიკმეტ ჰაჯიევი ჰიკმეტ ჰაჯიევი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰიკმეტ ჰაჯიევის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მას სამართლებრივი ან სხვა შედეგი არ მოჰყვება.

„ამ მიკერძებულ და გამოგონილ რეზოლუციას, რომელიც 20 წუთში მიიღეს, არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა და არ გამოიწვევს რაიმე იურიდიულ ან სხვა შედეგს. ხოლო დოკუმენტის მიღების გადადების საკითხზე კენჭისყრამ დაგვანახა, რომ ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატია, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეზოლუციის მიღების გადადებას ხმა 272-მა დეპუტატმა მისცა, 27-მა კი თავი შეიკავა“, - განაცხადა ჰიკმეტ ჰაჯიევმა გამოცემა „აზერტაჯთან“ ინტერვიუში.

2017 წლის 15 ივნისს, ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მტკიცედ დაგმო ჟურნალისტის დევნა ყალბი ბრალდებების საფუძველზე. ევროპარლამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის პირი, ვინც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო არის დაპატიმრებული.

რეზოლუცია, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებაში მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა აფგან მუხთარლი ოჯახს დაუბრუნდეს.

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს მან ადვოკატს დაურეკა და უთხრა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი მისი თავი აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით კი მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

საქართველოში მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. მისი თქმით, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, რომლებმაც საქმის შესახებ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ.

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს თბილისსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუხთარლის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]