weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

აფგან მუხთარლი საქართველოში ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს

11:56 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 hits 1085
აფგან მუხთარლი საქართველოში ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს ფოტო © ამერიკის ხმა

ბაქოში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს თბილისსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მუხთარლის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართვას მისი ადვოკატი ელჩინ სადიყოვი ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში სადიყოვი ამბობს, რომ აფგან მუხთარლის 6 ივნისს, ბაქოს საგამოძიებო იზოლატორში შეხვდა. მისი თქმით, მუხთარლი მხნედაა.

„აფგან მუხთარლის არ უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ადამიანი მოიტაცეს. მას მხოლოდ ის სურს, რომ მისი გატაცება გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის უნდა გაასაჯაროოს იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც თბილისში მისი გატაცების ადგილზე, ასევე ქალაქის ქუჩებსა და იმ გზებზეა დამონტაჟებული, რომლითაც მიჰყავდათ. ასევე ითხოვს, გამოაქვეყნონ ლაგოდეხის რაიონში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული სათვალთავალო კამერების ჩანაწერებიც. მუხთარლი დარწმუნებულია, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება დაამტკიცებს, რომ ის ქართველმა ძალოვანებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს“, - ამბობს ელჩინ სადიყოვი.

ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი ითხოვს, რომ არზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა მოინახულოს, რადგან მასთან კითხვები აქვს.

აფგან მუხთარლის საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. 5 ივნისს ადვოკატებმა ოფიციალურად მოითხოვეს, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან ვარაუდობენ, რომ მუხთარლის გატაცებაში პოლიციელები მონაწილეობდნენ.

5 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში 30-ზე მეტი ვიდეო კამერის ჩანაწერია ამოღებული და დაკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება იმას, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, მმართველი პარტიის წარმომადგენელს სჯერა, რომ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ იყო და მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ საქმის გამოძიება მთავარი საკითხი არ არის.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან, პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქმეზე სრული, გამჭირვალე და დროული გამოძიების ჩატარებისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]