weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაბიბი დაღესტანში სპექტაკლის ჩვენების ორგანიზატორების დასჯას და ბოდიშს ითხოვს

01:57 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

დაღესტნელი მებრძოლი, UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის) მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნის მთავრობას სთხოვს პასუხს მახაჩყალაში სპექტაკლ „ნადირობა კაცებზე“ ჩვენებისთვის და ხალხის ქუჩაში გამოსვლით იმუქრება. ნურმაგომედოვის შეფასებით, აღნიშნული სპექტაკლი „პორნოგრაფიაა“.

რუსული გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, ანტრეპრიზულ სპექტაკლს „ნადირობა კაცებზე“, რომელიც იტალიელი დრამატურგის პიესის მიხედვით დაიდგა, მთელ რუსეთში აქტიურად აჩვენებენ. პიესაში მოქმედება სამ პერსონაჟს - ცოლს (ევა), ქმარსა (მარიო) და საყვარელს (ბრუნო) შორის ვითარდება.

მახაჩყალაში სპექტაკლი მაყურებელმა 23 თებერვალს ნახა, ორი დღის შემდეგ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ვიდეო-ფრაგმენტი, სადაც ევა სცენაზე საცვლებში გამოწყობილი თამაშობს, ხოლო ბრუნო, რომლის როლსაც სტანისლავ ბონდარენკო ასრულებს, წელს ზევით შიშველია. 

გავრცელებულ ვიდეოს ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“, სადაც 13 მილიონი გამომწერი ჰყავს, სპექტაკლს „სიბინძურე“ უწოდა.

„დაღესტანი ჩვენი მიწაა და აქ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება არასდროს უნდა მოხდეს. ალაჰს ვფიცავ, სანამ დაღესტნელი კაცები არ გამოიღვიძებენ და არ დაიწყებენ წესრიგის დამყარებას, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა ნურმაგომედოვმა და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კავკასიელი მუსლიმების ლიდერი - შამილიც ახსენა.

„მედუზა“ წერს, რომ ნურმაგომედოვის პირველ პოსტს, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, დაღესტნის კულტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება აცხადებდა, რომ სპექტაკლზე პასუხს არ აგებს, რადგან „მეგობრობის სახლი“, სადაც ის მაყურებელმა იხილა, მის მმართველობაში არ არის, ღონისძების ორგანიზატორი კი კეძო პირი იყო. კულტურის სამინისტროს პორტსმენს არწმუნებდა, რომ ითვალისწინებენ რა „წინა შეცდომებს“ და დიდ ყურადღებას უთმობენ ღონისძიებებს, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში ტარდება.

მომხდარის გამო მსახიობებმა ივან ჟიდკოვმა და სტანისლავ ბონდარენკომ ბოდიშიც მოიხადეს. მათი განცხადებით, სპექტაკლის შემდეგ მუქარებს იღებენ.

„დიახ, ჩვენს სპექტაკლში არის სცენები, რომლებიც შესაძლოა ერთგვაროვნად არ ყოფილიყო მიღებული. ვერ გავითვალისწინეთ შესაძლო შედეგები. თუ ჩვენმა სპექტაკლმა მაყურებელი ან რესპუბლიკის მცხოვრებლები შეურაცხყო, ბოდიშს ვიხდი“, – დაწერა ბონდარენკომ სოციალურ ქსელში.

ჟიტკოვმა კი აღნიშნა, რომ მომხდარი ცენზურაზე დააფიქრებს ბევრს, ვინც დაღესტანში კონცერტის ან სპექტაკლის ორგანიზებას გადაწყვეტს.

26 თებერვალს ნურმაგომედოვმა ამავე თემაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა ჰეშთეგით „დაღესტანო გაიღვიძე“ და ურჩია დაღესტნის მთავრობას, გააკეთოს ისე, რომ გასტროლის ორგანიზატორები „კანონის შესაბამისად დაისაჯონ და ხალხს ბოდიში მოუხადონ“.

„გსურთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? არ გინდათ ჩვენი პროვოცირება და დამცირება. ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სოციალურ ქსელებში პოსტებით დასრულდება, ცდებით. ზომები დროულად მიიღეთ“, – წერს ნურმაგომედოვი.

ამ ამბავზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, კანონები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს დაცული, თუმცა არც ტრადიციები უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.

„ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება იმაშია, რომ მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია. ბუნებრივია, რომ ფედრაციის სხვადასხვა სუბიექტებში თავისი ტრადიციები აქვთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გაითვალისწინო“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც „მედუზა“ წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტანში კულტურული ღონისძიებების აკრძალვას ითხოვს. მისი პოსტების შედეგად, გასული წლის შემოდგომაზე დაღესტანში რუსი შემსრულებლების კონცერტი გაუქმდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვს კარიერის განმავლობაში ჩატარებული 27 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. განსაკუთრებით რეზონანსული გახდა, გასული წლის ოქტომბერში, ლას ვეგასში გამართული UFC 229-ის მთავარი ბრძოლა, სადაც დაღესტნელმა სპორტსმენმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ის მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონთან სპორტსმენებს, მათი გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო. ვითარების განმუხტვა და დაპირისპირებული მხარეების გაშველება დაცვამ შეძლო. მებრძოლები ოქტაგონიდან გაიყვანეს და ბრძოლა ისე დასრულდა, რომ გამარჯვებულისთვის ქამრის გადაცემა ვერ მოხერხდა. მომხდარი ინციდენტის გამო სპორტსმენები დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმებით დაისაჯნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]