weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2019

ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს

10:47 სამშაბათი, 25 ივნისი 2019 hits 282

ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან გუშინ, სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თხოვნით - ვადამდე გამათავისუფლოს რესპუბლიკის მეთაურზე დაკისრებული უფლებამოსილებებისგან“, – განაცხადა ევკუროვმა.

მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში საზოგადოების ერთიანობის შესუსტება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, რაც დღეს გვაქვს არაფერია, თუ არ არსებობს ჩვენი ერის ერთიანობა. მე მშვენივრად ვხედავ, რომ დღეს ერის გამძლეობა გამოცდას გადის.

ბრმა არ ვარ, ძალაუფლებას ჩემთვის თვალები არ დაუბინდია. მოდით, მოვიკრიბოთ ვაჟკაცობა იმის სათქმელად, რომ ჩვენ ყველა – ხელისუფლება, რომელსაც მე წარმოვადგენ, სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები – პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ დღეს ერთობა გვაკლია. ყოველი ჩვენგანი დგას არჩევანის წინაშე: პირადი ინტერესები, თუ რესპუბლიკის. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააკეთოს თავისი არჩევანი. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“, – აღნიშნა ევკუროვმა.

იუნუს-ბეკ ევკუროვი ინგუშეთის სათავეში 2008 წლიდან დგას. 2018 წლის სექტემბერში ის რესპუბლიკის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ხელახლა აირჩიეს. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურებოდა.

2018 წლის 26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა - იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, მეზობელმა რესპუბლიკამ ინგუშეთისგან ტერიტორიები მიიღო.

აღნიშნული შეთანხმება არაკონსტიტუციურად ცნო ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ მასში დარღვევეა ვერ ნახა.

2019 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ინგუშეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სარეფერენდუმო საკითხების ჩამონათვლიდან რესპუბლიკის საზღვრების შეცვლა ამოეღო, აქციები განახლდა. 26-27 მარტის აქციაზე დემონასტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა. აქციის შემდეგ გამოძიება მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით დაიწყო. გამოძიება სულ მცირე 27 ადამიანით დაიტერესდა, მათ შორის ინგუშეთის ოპოზიციის ლიდერებითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]