weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაუგებრობა არ არსებობს - გახარია

13:46 პარასკევი, 24 ივლისი 2020

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და უფრო მეტს გეტყვით, ძმობას, არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთში იარაღი საქართველოს გავლით შევიდა.

„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინტერნეტ-გამოცემა Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს „ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა, ყველაფერის გარეშე“.

„როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კითხვას მისვამთ კონტექსტურად, ორ სტრატეგიულ ქვეყნას შორის, მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება და ამასთან ერთად, საქართველოს ყველა სახის სატრანზიტო პოლიტიკა, პირველ რიგში, არის განსაზღვრული ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის დაცვის მიზნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ონლაინ გამოცემა Haqqin.az-მა, რომელიც პროსამთავრობო მედიად მიიჩნევა, 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია. რედაქციის თანახმად, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია შევიდა. გარდა ამისა, სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, იმავე პერიოდში, ისევ საქართველოს გავლით, ოღონდ რუსეთიდან სომხეთში შევიდნენ „კამაზის“ მარკის ავტომობილები, რომლებიც რუსული წარმოების ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემის დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული.

20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სერბეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, დანიცა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შეხვდა. სააგენტო Apa.az-ის ინფორმაციით, „შეხვედრაზე, მიღებული სანდო და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, ხალაფოვმა აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის, ნაღმტყორცნები და სხვადასხვა კალიბრის იარაღი, სერბეთიდან სომხეთში ჩავიდა“. თავის მხრივ სერბეთის ელჩმა თქვა, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და ამის შესახებ ცნობებს სერბეთის ხელისუფლებას მიაწვდიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც Haqqin.az-ის სტატიას დეზინფორმაცია უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]