weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პროკურატურისგან მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ – მუხთარლი

12:38 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. როგორც მუხთარლიმ განაცხადა, თბილისში 10-15 დღის განმავლობაში დარჩება და ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს, მიაწვდის ინფორმაციას მისი გატაცების შესახებ.

„მე ვიცი აზერბაიჯანული მხრიდან ვინ დააორგანიზა ჩემი გატაცება და ისიც ვიცი, რომ საქართველოს მხრიდან ამ საქმეში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო სამსახური, სასაზღვრო გამშვები პუნქტის უფროსი ლაგოდეხში. გამომძიებლებს ვაჩვენებ იმ ადგილს, საიდანაც გამიტაცეს და საიდანაც წამიყვანეს აზერბაიჯანში და გადამცეს, რადგან თითქმის გზის ნახევარს კარგად ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ხვრელებიდან. ფოტო რომ ვნახო, გამტაცებლებს ვიცნობ. ისინი ძალიან ცოტას საუბრობდნენ. ერთმანეთს ხელების საშუალებით ანიშნებდნენ რაღაცებს, მაგრამ ერთ-ერთმა ტელეფონზე ისაუბრა და ქართულად ლაპარაკობდა. როდესაც თავს დამესხნენ და წამაქციეს ცოტახანს შევეწინააღმდეგე, მაგრამ როცა დავინახე რომ კრიმინალური პოლიციის ნიშანი ჰქონდათ, ჩემით ჩავჯექი მანქანაში და მათ ბორკილები დამადეს.

ივანიშვილის როლს რაც შეეხება, მან თანხმობა გასცა. აზერბაიჯანულმა მხარემ გადაიხადა დიდი ოდენობის ქრთამი. აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა, რომ აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა სამი წლის განმავლობაში, აქ, თბილისში, დაზვერვისთვის 11 მილიონი დოლარი გადაიხადეს, ჩემი გატაცებისთვის 3 მილიონი დოლარი. ეს ფული ჩვენმა მხარემ თქვენს ხელისუფლებას გადაუხადა.  

საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან ეს საქმე განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ. ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, სავარაუდოდ იცოდა ივანიშვილმაც. ამიტომ საქართველოს პროკურატურისგან დიდად არაფერს ველოდები, მიუხედავად ამისა ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“, – განცხადა აფგან მუხთარლიმ და აღნიშნა, რომ პროკურატურას ამ დრომდე არაფერი აქვს გაკეთებული.

„როცა აზერბაიჯანის ციხეში ვიმყოფებოდი, საქართველოს პროკურატურამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე არ აძლევდა ჩემთან შეხვედრის საშუალებას. ახლა მე თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ მინდოდა თბილისში ჩამოსვლა და არ შემომიშვეს. ქართულმა ავიაკომპანამ გამიუქმა ბილეთები“, – ამბობს აფგან მუხთარლი.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გატაცებას საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, რადგან თბილისში ცხოვრების დროს საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესზე საგამოძიებო მასალა მოამზადა.

„ძალიან ხშირად ვაწყობდით აქ, აზერბაიჯანის საელჩოსთან აქციებს. მაშინ თბილისში ბევრი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ცხოვრობდა. ისინი მე მიკავშირდებოდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება თვლიდა, რომ ზერბაიჯანულმა ოპოზიციამ თბილისში გაერთიანება შექმნა და მაგის შეეშინდა. ჩვენ ყოველდღიურად გვითვალთვალებდნენ. ამის ფოტოებიც არის“, – განაცხადა მუხთარლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ციხიდან მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს ევროკავშირის საბჭომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გერმანიის ხელისუფლებამ და პირველ რიგში, ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ყოველ დღე ითხოვნდენ მის გათავისუფლებას.

კითხვას, ახლა თბილისში თავს უსაფრთხოდ გრძნობს თუ არა, მუხთარლიმ უპასუხა: „კი, რაც იქნება იქნება. თუ კიდევ გამიტაცებენ, გამიტაცონ“.

მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მიანიშნეს, რომ აქ არ უნდა დარჩეს.

„მთავრობას, სავარაუდოდ, არ სურს, რომ დიდხანს ვიცხოვრო თბილისში. მე კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, თბილისი ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს“, – აღნიშნა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის ინტერესებს არასამთავრობო ორაგიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი აქვს წარდგენილი.

პროკურატურა აფგან მუხთარლის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა და მისი შედეგები უცნობია. გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც 2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აფგან მუხთარლის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირი უარყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]