weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ცნობილია 2018 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

12:42 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების რიგით 76-ე ცერემონია გაიმართა. „ოსკარების გენერალურ რეპეტიციად“ წოდებულ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მართავს, სამი ჯილდო ბიოგრაფიულმა კომედიურმა სურათმა „მწვანე წიგნმა“ (Green Book) მოიპოვა.

ცნობილია ოქროს გლობუსების 2018 წლის ნომინანტები

5 ნომინაციაში წარდგენილმა ფილმმა, რომელიც აფრო-ამერიკელ ჯაზ მუსიკოს დონ შირლისა და მის იტალო-ამერიკელ მძღოლ ტონი ლიპის შესახებაა, საუკეთესო კომედიური ფილმის წოდება, ასევე საუკეთესო სცენარისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვა.

ორი ოქროს გლობუსი ერგო ფრედი მერკურიზე შექმნილ გახმაურებულ ბიოპიკს „ბოჰემური რაფსოდია“, რომელიც წლის საუკეთესო დრამატული ფილმი გახდა და მამაკაცის დრამატული მთავარი როლის ჯილდო აიღო.

ასევე ორი ჯილდო ერგო მექსიკურ შავ-თეთრ დრამას, ალფონსო კუარონის ფილმს სახელწოდებით „რომა“. ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისურასა და საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გამოარჩიეს.

დაფასდა ქრისტიან ბეილის მორიგი ფიზიკური გარდასახვა ბიოგრაფიულ სატირაში „ვიცე-პრეზიდენტი“ - მსახიობმა მამაკაცის კომედიურ მთავარ როლში შეძლო გამარჯვება.

გარკვეულწილად, სიურპრიზი შეიძლება ეწოდოს საუკეთესო ანიმაციურ ფილმად „ადამიანი-ობობას“ ახალი მულტიპლიკაციური ისტორიის დასახელებას, რადგან ამ კატეგორიაში ფავორიტებად მოიაზრებოდნენ ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი უეს ანდერსონის თოჯინური ანიმაცია „ძაღლების კუნძული“ და სტუდია „პიქსარის“ მორიგი შედევრი „სუპერ-ოჯახი 2“.

სესილ დე მილის სახელობის პრიზი კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის ცნობილ მსახიობ ჯეფ ბრიჯესს გადაეცა.

2018 წლის მხატვრულ ფილმთა ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასეთია:

საუკეთესო დრამატული ფილმი - Bohemian Rhapsody

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ფილმი - Green Book

საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო სცენარი - პიტერ ფარელი, ბრაიან ჰეის კარი, ნიკ ვალელონგა (Green Book)

მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი - რამი მალექი (Bohemian Rhapsody)

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - ქრისტიან ბეილი (Vice)

ქალის საუკეთესო დრამატული როლი - გლენ კლოუზი (The Wife)

ქალის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - ოლივია კოლმანი (The Favourite)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - მაჰერშალა ალი (Green Book)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (The First Man)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა - “Shallow” (A Star Is Born)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Spider-Man: Into the Spider-Verse

საუკეთესო უცხოური ფილმი - Roma (მექსიკა, რეჟ. ალფონსო კუარონი)

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას ამერიკელი მსახიობები, ენდი სამბერგი და სანდრა ოჰი გაუძღვნენ.

2018 წლის ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო ფილმებისა და სერიალების გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]