weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კანის კინოფესტივალი კორეული ფილმის გამარჯვებით დასრულდა

01:19 კვირა, 26 მაისი 2019

2019 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, კანის რიგით 72-ე საერთაშორისო ფესტივალი სამხრეთ კორეული შავი კომედიის გამარჯვებით დასრულდა. „ოქროს პალმის რტო“ კორეელ რეჟისორს, საერთაშორისო პროექტებით (Snowpiercer, Okja) ცნობილ ჯუნ-ჰო პონს გადაეცა ფილმისთვის „პარაზიტი“, რომელიც ორი განსხვავებული, დაუსაქმებელი და მდიდარი ოჯახების ისტორიაზეა.

აღსანიშნავია, რომ ჯუნ-ჰო პონი მეორე აზიელი რეჟისორია გასული წლის ტრიუმფატორის, იაპონელი ჰიროკაზუ კორეედას შემდეგ, რომელსაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ხვდა წილად.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ფესტივალის გრან-პრი წილად ხვდა მატი დიოპის სენეგალურ დრამას სათაურად - Atlantique.

ჟიურის პრიზი ორ ფილმს გადაეცა: კლებერ მენდონსა ფილიოსა და ჟულიანო დორნელესის ბრაზილიურ სურათს „ბაკურაუ“ და ლაჯ ლის რეალური მოვლენებით შთაგონებულ ფრანგულ ფილმს „საბრალონი“.

საუკეთესო რეჟისორის პრიზი აღიარებულმა ბელგიელმა რეჟისორმა ძმებმა, ჟან-პიერ და ლიუკ დარდენებმა მოიპოვეს რადიკალური ისლამური სოციალური დრამით „ყმაწვილი აჰმედი“.

საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო ფესტივალის ჟიურიმ ისტორიული ჟანრის ფრანგულ ლესბი-დრამას არგუნა - საუკეთესო დრამატურგიისთვის ფრანგი ქალი სცენარისტი და რეჟისორი სელინ შიამა დაჯილდოვდა ფილმისთვის „ქალბატონის პორტრეტი ცეცხლში“.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ესპანელი კინოვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი დაჯილდოვდა რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი ინგლისელმა ემილი ბიჩემმა მიიღო ფილმისთვის „პატარა ჯო“.

კანის წლევანდელ ფესტივალზე ასევე გაიცა ჯილდო სპეციალური აღნიშვნისთვის, რომელიც პალესტინელმა რეჟისორმა და მსახიობმა, ელია სულეიმანმა აიღო ფრანკო-კანადური კომედიისთვის „ეს ალბათ სამოთხეა“, რომლის სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც თავადაა.

კანის 72-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ (მექსიკელი რეჟისორი), იორგოს ლანთიმოსი (ბერძენი რეჟისორი), პაველ პავლიკოვსკი (პოლონელი რეჟისორი), რობინ კამპილო (ფრანგი რეჟისორი), კელი რაიხარდტი (ამერიკელი რეჟისორი), ალიჩე რორვახერი (იტალიელი რეჟისორი), მაიმუნა ნ’დიაი (სენეგალელი მსახიობი და რეჟისორი), ელ ფენინგი (ამერიკელი მსახიობი), ენკი ბილალი (ფრანგი მწერალი და მხატვარი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]