weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გვაშანტაჟებდნენ – მამუკა ხაზარაძე

14:44 ორშაბათი, 04 მარტი 2019

„ეროვნული ბანკი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მაშანტაჟებდა. გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს მისი პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

„გამოაგზავნეს წერილი. პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე, რომელიც მერე, ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ცოტაა. მე მივედი და შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ „10 ათასსაც არ გადავიხდით იმიტომ, რომ 11 წლის წინანდელი ამბავი როგორც მიგყავთ სწორი არ არის“. შემდეგ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს მილიონი ლარი, გამოგზავნეს ჯარიმა ბანკზე და წერილი დირექტორებთან, რომლითაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების თაობაზე ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას, ანუ პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, „თიბისი ბანკს“ სამეთვალყურეო საბჭოში 7 წევრი ჰყავს, საიდანაც 5 ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორია.

„მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა. შესაბამისად, ვერანაირი გადაწყვეტილების უფლება ჩვენ ამ ბანკში არ გავქვს და ვერ გვექნება. მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან (რომელიც 2008 წელს საქართველოში არ იმყოფებოდა და არ იცოდა რა გავიარეთ) და ვუთხარი: „ჩვენ მზად ვართ გადავდგეთ თანამდებობებიდან, რადგანაც რეგულატორი ხარ და ჩვენ პატივს ვცემთ რეგულატორს, ჩვენ პრობლემა რეგულატორთან არასოდეს გვქონია“. მათ თქვეს, რომ არა - თქვენი თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან გადადგომა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთო. მე ვუთხარი, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 27 წლის შვილთან ურთიერთობის უფლება არ მოგვცენ. მე ვუთხარი, იქნებ ორი დამოუკიდებელი ადამიანი კიდევ დაამატოთ, ლონდონის ბირჟას ვთხოვ, რომ შვიდი გავზარდოთ ცხრამდე და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ვისხდეთ და მოვუსმინოთ მათ. ცხრა კაცში ორმა კაცმა, წელიწადში ოთხჯერ რა გავლენა უნდა მოახდინოს? თქვეს, რომ არა - ეს არის კატეგორიული საკითხი. მე ვუთხარი, რომ ამას ვერ დავეთანხმებოდით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მან ეროვნული ბანკისგან მოითხოვა წერილი, სადაც განმარტებული იქნებოდა, რომ „თიბისი ბანკში“ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

„იგივე კითხვა დასვეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც ჩამოვიდა და თქვა - ასე არ შეიძლება, თქვენ უნდა თქვათ, რასთან გვაქვს საქმე.

მეორე დღეს, Whatsapp-ით ვიღებ წერილს, სადაც წერია, რომ „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის. საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს“. მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, დავსვი კითხვა, როგორ გამოვიყენო ეს წერილი-მეთქი. მათ მითხრეს, რომ „ამ წერილს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პარტნიორი ბანკებისთვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვერ გამოიყენებთ“. გაოცებული დავრჩი ამას ჰქვია შანტაჟი.

ანუ მეუბნებიან - თქვენ გადადექით. გასაგები იყო, რომ ისინი ვერ წავიდოდნენ პროკურატურის ვერსიასთან წინააღმდეგობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს ის ვიღაცამ გადააყენა: „ეს იყო ჩემი განცხადება, რომელიც თვითმფრინავში დავწერე და გადავდექი იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ დავას გააგრძელებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხაზარაძე უნდობლობას უცხადებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის კომპეტანციას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნაც მოითხოვა.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა 11 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს, სადაც „აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევა 14 თებერვალს მოითხოვა. როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, ამ მოთხოვნის საფუძველი გახდა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]