weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გიდები დამატებით კომპენსაციას, შეღავათების გახანგრძლივებას და ფრენების აღდგენას ითხოვენ

17:25 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

„გიდები, ასევე ტურიზმში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, 8 თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია“ ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, მაშინ, როდესაც გაურკვეველია საერთაშორისო ტურიზმის გახსნის კონკრეტული თარიღები, აუცილებელია, ამ სექტორის გადასარჩენად ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ასოციაცია ითხოვს, რომ გიდებსა და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს დამატებითი კომპენსაცია მიეცეთ.

გარდა ამისა, ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მოთხოვნებია:

  • გადაიხედოს არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან;
  • გახანგრძლივდეს სახელმწიფო დახმარების პროგრამა საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით;
  • აღდგეს ფრენები ეტაპობრივად, მათ შორის, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებს - Wizz Air-სა და Ryanair-ს მიეცეთ ფრენის უფლება, პირველ რიგში „მწვანე ზონის“ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკეთესია;
  • დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით ჯერ კიდევ ივნისში;
  • ტურისტულ ცენტრებსა და დეპარტამენტებში, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და მუზეუმებში, შემუშავდეს გიდების დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწობდა მათი გამოცდილებისა და უნარების გამოყენებას.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. საქართველოს მთავრობა მარტში შეჩერებული რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 8 ივლისის გადაწყვეტილებით, მთავრობამ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტის განხორციელება მხოლოდ პირდაპირი ფრენებით შეუძლიათ.

Wizz Air-სა და Ryanair-ს ფრენის საშუალება ჯერ არ ეძლევათ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, დაბალბიუჯეტური კომპანიები მთავრობას ათზე მეტი მიმართულებით ფრენას სთავაზობდნენ, რაც კვირაში 20-ზე მეტი ავიარეისია. თურნავას განმარტებით, ეს ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს ნიშნავს, რისთვისაც საქართველო ჯერ მზად არაა. ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმი აგვისტოშიც გაგრძელდება.

გიდებმა, ისევე როგორც სხვა თვითდასაქმებულებმა, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით, ერთჯერადად 300 ლარი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]