weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მთავრობა სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვას განიხილავს

19:00 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020
მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განიხილება სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხი.

 „ამ ეტაპზე, აქტიურად განიხილავენ იმ ნაწილს, რომ მოხდეს ნაწილობრივ შეზღუდვა და არა სრულად. სხვადასხვა ვარიანტებია – დღეებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული და ამავე დროს, ერთიან ჭრილში იმის გაკეთება, რომ დეკემბრის ბოლოსკენ მეტნაკლებად თავისუფალი იყოს ჩვენი ეკონომიკა.

მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოზიცია – პირველი, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენთან და პოსტ-ფაქტუმ არ ვიგებდეთ ინფორმაციას და მეორე ის, რომ გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, მონაცემები, სტსტისტიკა და ა.შ. იმისთვის, რომ გაითვალისწინონ“, – ამბობს „ბიბლუსი ჯგუფის“ წარმომადგენელი ირაკლი გაგნიძე.

„იგეგმება ახალი შეზღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი ის არის, იმას გვეუბნება ჩვენი ხელისუფლება, რომ სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწრაფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არაფერზეა მიღებული“, – განაცხადა „ისი-პარის“ გენერალურმა დირექტორმა მაია პაპალაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.

აღინიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ის, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

„აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა როგორც მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ისე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე – დაიცვან არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად.

თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მთავრობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3531 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს. 881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330.

გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 4048 და გარდაცვალების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]