weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მეღვინეებს მყისიერად ეცნობათ შეფერხებულ საბაჟო პროცედურებზე – ღვინის ეროვნული სააგენტო

17:37 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

„სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო მას შემდეგ, რაც ბერლინში გამართულ ფესტივალზე ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემას კრიტიკა მოჰყვა.

ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა გერმანიაში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე – RAW WINE 2021 – ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის გატანა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში იყო ჩართული, რაც მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გულისხმობდა.

„16 ნოემბერს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, „ქოინის“ (Сoyne Airways) ავიახაზებით.

გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა. 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო, ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის.

ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილ იქნა წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო.

გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში.

დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც საერთაშორისო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, „მათიაშვილის მარნის“ მფლობელი ივა მათიაშვილი ამბობს, მხოლოდ ფესტივალის წინა დღეს, 27 ნოემბერს გაიგეს იმის შესახებ, რომ ღვინო საბაჟოზე იყო გაჩერებული.

„ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული. ამ რამდენიმე ბოთლით ასობით სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა. ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ, რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს და ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება? რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას საქართველოს საელჩოდან არცერთი წარმომადგენელი? თუნდაც იმისთვის, რომ აეხსნათ, რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით“, – წერს ივა მათიაშვილი სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთი მეღვინის, გიორგი ვოლსკის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ღვინის ფესტივალის წინა დღესაც ამბობდა, რომ პრობლემა მოგვარებული იყო.
 
„ასე მაინც რომ არ ეთქვათ და არ მოეტყუებინათ, კიდევ რამეს ვიზამდი და ვინმეს ვიპოვიდი, რომ ჩამოეტანა ღვინო და მექნებოდა მეც. არც არავის შეუწუხებია თავი, რომ ბოდიში მაინც მოეხადა ამ ტყუილისთვის, რომელმაც დიდ ხარჯებში და პრობლემებში გაგვხვია. ეს სამი ბოთლიც შემთხვევით რომ არ წამომეღო, ვიქნებოდი ცარიელი ჭიქებით ხელში“, – ამბობს გიორგი ვოლსკი.
RAW WINE 2021 გერმანიის დედაქალაქში კვირას, 28 ნოემბერს გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]