შსს-ს განცხადებით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, – აცხადებენ შსს-ში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ერთი კვირის წინ, 19 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი მრავალწლიან ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს მოედო. ხანძრის ქრობას კლდოვანი რელიეფი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად ამოვარდნილი ძლიერი ქარი უშლის ხელს. 22 აგვისტოდან სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი, 300 მეხანძრე-მაშველი, ამდენივე პოლიციელი და ჯარი მონაწილეობდა, 24 აგვისტოდან კი პროცესში თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, რომელთაგან ორმა დღეს საქართველო დატოვა.