weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უცხოელების მიერ ქართული მიწის ყიდვაზე მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნეს

14:16 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა - პროკოპი სავვიდმა და დიანა შამანიდმა შეიტანეს. ისინი საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა ექნებათ.

2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში განახორციელა ცვლილება, რომლითაც, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდული აქვთ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულზე).

ანალოგიური შეზღუდვა საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის 17 ივლისს შემოიღო, რითაც სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლება დროებით იქნა შეჩერებული 2014 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით შეუსაბამოდ ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]