weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

UNDP, EU-ის წარმომადგენლობა და საელჩოები: „პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია“

18:51 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას მიესალმებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ კვირეულის ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს.

„ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციებს ამ წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.

კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

გაერო და დიპლომატიური უწყებების წარმოამდგენლები მადლობას უხდიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, „რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას, უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს“ და მიესალმებიან მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში.

„მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც აძლიერებს და იცავს მის ყველა წევრს, გამონაკლისის გარეშე და აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას.

მივესალმებით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ მხრივ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით.

საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე.

ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]