weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

12:42 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება.

„მოსამართლეები მოწყვლადები არიან პოლიტიკური ზეწოლის წინაშე როგორც სასამართლოს სისტემის შიგნიდან, ისე გარედან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, გამოთქვეს შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ არსებულ პრობლემებს, მათ შორის მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგებოდა და რომელიც, როგორც ამტკიცებენ, სასამართლო სისტემაში კრიტიკულ მოსაზრებებს ახშობდა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერების შეთავაზებებს ეწინააღმდეგებოდა; ასევე, ხაზს უსვამდნენ გარკვეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენას; საქმეების გადანაწილების სისტემით მანიპულირებას; უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობას და უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურაში არსებულ ხარვეზებს.

„პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება განაგრძობდა „სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის“ 2017 წლის საკანონმდებლო პაკეტის ხარვეზების გამოყოფას. ისინი მიუთითებდნენ პრობლემებზე კანონის განხორციელებაში და საუბრობდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ყველა დონის სასამართლოს მოსამართლეების (მათი უმრავლესობა უვადო მოსამართლეებად დასანიშნი იყო) შერჩევის, ხარვეზიან პროცესებზე, რამაც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენის წინაშე მოწყვლადი დატოვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ აგვისტოში გადადგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ მან თანამდებობა პოლიტიკური ზეწოლის შედეგად დატოვა. სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის წარდგენისკენ მოუწოდეს, თუმცა პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ მან ვერ მიაღწია კანდიდატთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 24 დეკემებერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 სადავო კანდიდატი.

„სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა კანდიდატები დაადანაშაულა მოსამართლეების გავლენიან ჯგუფთან კავშირში, რომელსაც საზოგადოება „კლანად“ მოიხსენიებს. მათ ასევე გააკრიტიკეს მოსამართლეების წარდგენის პროცედურაში გამჭვირვალობის და კანდიდატებისთვის მკაფიო კრიტერიუმების ნაკლებობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის არაგამჭვირვალე პროცესი პარლამენტში დავის საკითხად იქცა და 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი პროტესტის ნიშნად გადადგა. იმავე საღამოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვედა ინსტანციის მოსამართლედ უვადოდ დანიშნა ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ამან გამოიწვია დიდი პროტესტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ქართული ოცნება“ სასამართლოს სისტემის რეფორმირების სურვილის არქონაში დაადანაშაულა. 28 დეკემბერს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანხმობა განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმი უნდა შეიცვალოს და წლის ბოლოს პარლამენტში დებატები გაგრძელდა“, – წერია ანგარიშში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]