weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საჯარო მოხელეთა ქსენოფობიური გამონათქვამები – სამირა ბაირამოვამ ომბუდსმენს მიმართა

17:26 პარასკევი, 15 მარტი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, სახალხო დამცველს მიმართა.

საქმე ეხება მარნეულში მოქმედი „კულტურის ცენტრის“ სახელწოდებაზე მიმდინარე დისკუსიის დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებებს. EMC-ის ცნობით, ადგილობრივი აზერბაიჯანელები კულტურის სახლისთვის მათი საზოგადო მოღვაწის სახელის დარქმევას ითხოვენ, რაც მათთვის საკუთარი იდენტობის, კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხია.

სამირა ბაირამოვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კრიტიკული პოსტი განათავსა კულტურის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი კულტურის წარმოჩენის და დაცვის ხელშეწყობა ამ უწყების მხრიდან სათანადოდ არ ხდება.

„სამირა ბაირამოვას საჯარო მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ კულტურის ცენტრის დირექტორი, მარნეულის მერიის თანამშრომელი და ადგილობრივი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომლებმაც საკუთარ მსჯელობაში ღიად გამოიყენეს სიძულვილის ენა.

საჯარო მოხელეებისგან მათ შორის ისმოდა შემდეგი ფრაზები: „არ მოგწონს საქართველო? ხომ იცი რაც უნდა ქნა? საქართველოა ეს, არ დაგავიწყდეს ამის მნიშვნელობა... ვისაც საქართველო არ მოსწონს, სადაც მოსწონს იქ წავიდეს არ გვაქვს პრობლემა;“

„ქალბატონო სამირა, თუ ბევრი გყავთ თქვენი თანამოაზრეები, შეგიძლიათ მიბრძანდეთ იქ, სადაც არის თქვენი ადგილი და ისინიც თან გაიყოლოთ! იქნებ და ცოტა ტვირთი მოეხსნას ჩვენს ქვეყანას!!!

შეუძლებელია უკვე ამდენი თავხედობის ატანა!!! ეს საქართველოა ქართველების ქვეყანა, ისინი თქვენ პატივს გცემენ და გაფასებენ! რამე არ მოგწონთ?! მიბრძანდით ბატონო!“, – ციტირებს EMC საჯარო მოხელეების ქსენოფობიურ განცხადებებს.

EMC მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და საჯარო განცხადებები არსებითად არღვევს ინკლუზიური სახელმწიფოს და თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს არადომინანტ ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებში გარიყულობის და იზოლაციის განცდას.

„ამგვარი განცხადებების ტირაჟირება განსაკუთრებით მიუღებელია იმ საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობენ და ვალდებულები არიან პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების დროს განუხრელად დაიცვან თანასწორობის პრინციპი.

მეტიც, ისინი ვალდებულები არიან მიიღონ დამატებითი პოზიტიური ზომები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, იდენტობისა და უფლებების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე საკითხის შესწავლას სთხოვს. EMC-ი ასევე ითხოვს, რომ სახალხო დამცველმა გასცეს ზოგადი რეკომენდაციები რელევანტური უწყებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების პრევენციის და სპეციალური ანტიდისკრიმინაციული პოზიტიური ღონისძიებების დაკისრების შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]