weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თამაზ მეჭიაური მერის გადაყენების უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

11:15 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის კონსტიტუციურ სარჩელს. დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი. მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება. კერძოდ, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში საკრებულოს წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში განმარტა იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი იცავს საჯარო მოსამსახურეს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან.

„ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ იმ ამომრჩეველთა უფლებებსაც, რომლებმაც ეს პირი თანამდებობაზე აირჩია. არაკონსტიტუციურია, როდესაც საკრებულოს არ ევალება იმ მიზეზებზე მითითება, რის გამოც ხდება ხალხის მიერ არჩეული მერის თანამდებობიდან გათავისუფლება“, – აცხადებს საია.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2014 წლის მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში გახდა კრიტიკის საგანი, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული. ამის მიუხედავად, ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, ვისაც შეიძლება კანონით დადგენილი შეზღუდვა შეეხოს. ეს შეზღუდვა ეხება ხალხის მიერ არჩეულ მერს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არცერთმა მერმა/გამგებელმა არ გამოთქვა სურვილი, გაესაჩივრებინა ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის თანხმობა განაცხადა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]