weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

12:41 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ქვლივიძის განცხადებით, სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობის, კერძოდ, მისი უფლებების გამუდმებით დარღვევის გამო, იძულებული გახდა უწყებასთან კონტრაქტი შეეწვიტა, რის შემდეგაც, სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და ყოფილი თანამშრომლის 28 000 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.

სასამართლოში ეკატერინე ქვლივიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად 2007 წლიდან, 11 წელზე მეტი მსახურობდა. 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გაარკვია, რომ ის წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე იყო გადაყვანილი.

„ასევე აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში.

ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ. 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეკატერინე ქვლივიძის დაბრუნების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი მფრინავი გადასულიყო ქვეით ჯარში, რაზეც ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა. თუმცა, მას უარი არ უთქვამს, ჩაეტარებინა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე. ამავდროულად, ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

მათივე ცნობით, ეკატერინე ქვლივიძემ 2018 წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, რომლებიც არ დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ მან ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოფილ თანამშრომელს კონტრაქტის პირობების შეწყვეტაში ისე ადანაშაულებს, რომ თავად არ შეუსრულებია კონტრაქტის პირობები, კერძოდ - ეკატერინე ქვლივიძისთვის 3 წლის სახელფასო დანამატი აქვს გადასახდელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო საქმის მოკვლევამდე სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი უკან გაიხმოს.

ეკატერინე ქვლივიძე გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართავს.

 

ნახეთ ეკატერინე ქვლივიძის ვიდეობლოგი, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2016 წელს ჩაწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]