weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემის საქმეზე EMC მთავარ პროკურორს მიმართავს

10:42 სამშაბათი, 04 ივლისი 2017
ვლადიმერ მჭედლიშვილი ვლადიმერ მჭედლიშვილი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ითხოვს მთავარი პროკურორი მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდეს.

მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციის სამმართველოში 15 მაისს ცემეს, რის შედეგადაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მჭედლიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია „რეგინფომ“ გაავრცელა. მის ინტერესებს EMC იცავს. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის თქმით, აღნიშნულის შემდეგ ის იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, ცემის დასრულების შემდეგ ის მოათავსეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გათავისუფლდა დაკავებიდან და მას ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლოს მიერ დაეკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა.

მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით.

2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, სადაც რენტგენით მისი გამოკვლევის შემდეგ მას სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. მჭედლიშვილმა გამოძიებას 2017 წლის 23 მაისს წარუდგინა აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა მის დაზიანებებთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ვლადიმერ მჭედლიშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით კახეთის საოლქო პროკურატურას ორჯერ მიმართა, რასაც საგამოძიებო ორგანომ უარით უპასუხა. EMC-ის განცხადებით, გადაწყვეტილება მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო.

"ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია.

გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად – მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად", - აცხადებენ უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]