weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნათია კაპანაძე სასამართლოს მიმართავს და აჭარის ტელევიზიის დირექტორად აღდგენას მოითხოვს

12:08 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე, რომელსაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს. კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს.

ნათია კაპანაძე სარჩელით მოითხოვს მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

საია-ს მტკიცებით, მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნორმების დარღვევით. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არცერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას.

„ამის ერთ-ერთი დასტურია 2019 წლის 25 აპრილს მიღებული გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მომზადებული იყო 11 აპრილს და რომელშიც მითითებულია, რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი მრჩეველთა საბჭომ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე“, – აცხადებს საია.

მოსარჩელე მხარის არგუმენტია ისიც, რომ მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს, ნათია კაპანაძეს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს. საია-ს ინფორმაციით, გარე აუდიტის შედეგები აჩვენებს, რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არც 2017 და 2018 წლებში ჰქონდა.

ნათია კაპანაძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს, 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძისთვის უნდობლობის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. კაპანაძის გადაყენებას მხარი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი იყო.

ნათია კაპანაძეს თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]