weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:46 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

სიცოცხლის უფლების დარღვევას მოსარჩელეები რამდენიმე პერსპექტივით აყენებენ. განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება;

თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა. განმცხადებლების მტკიცებით, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თამირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;

დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით;

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპერაციის გეგმაზე.

გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული, შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს.

გარდა კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.

ყველა არსებით მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეები უთითებენ, რომ ეროვნულ დონეზე მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი არ არის და გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დარღვეული უფლების აღდგენა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ იმ დარღვევებზე, რომელიც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პირადი ცხოვრების შელახვას უკავშირდება, განაცხადი ევროპულ სასამართლოში შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მოგვიანებით დამატებით გაიგზავნება. ამ კუთხით დავა საერთო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეობს და სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ, EMC-ის წარმომადგენელმა.

განმცხადებლების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს, რომელიც ლონდონში ბაზირებული, ადამიანის უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]