weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლოს აქტებში არსებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროება შესაძლებელი იქნება

12:58 შაბათი, 08 ივნისი 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების - „მედიის განვითარების ფონდის“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა.

მოსარჩელეებმა კანონის ის ნორმები გაასაჩივრეს, რომლებიც, მათი აზრით, გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გაცემა კი სრულად იკრძალებოდა მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – განმარტა სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი.

„სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს. სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]