weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მანანა საღლიანმა მესტიის მერიას დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

18:28 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან მანანა საღლიანის გათავისუფლებას ეხებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პირველი მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს მანანა საღლიანის სამსახურში, იგივე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

როგორც „რეგინფოს“ მანანა საღლიანმა უთხრა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გაასაჩივრა. საღლიანის თქმით, ის სამსახურში დაბრუნებას აპირებს.

მანანა საღლიანი, რომელიც სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა, სამსახურიდან 2018 წლის 29 ივნისს გაათავისუფლეს. ამას წინ უძღოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, რომლის დროსაც, სამსახურიდან ასევე გათავისუფლდნენ მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები - ნარგიზ ნიგურიანი და მაია კახიანი.

საღლიანი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მოტივი სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მისი აქტიურობა იყო.

„გამოიგონეს, ვითომ არ ვემორჩილებოდი შინაგანაწესს და სამსახურში არ დავდიოდი. ამ დროს, ინფორმირებული იყვნენ, რომ საავადმყოფოში ვიყავი. სწორედ ამ პერიოდში დაწერეს ჩემი გათავისუფლების ბრძანება, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო. ჰესების გარდა, სხვა მიზეზი ჩემი გათავისუფლებისა, მათ არ ჰქონიათ“, – უთხრა მანანა საღლიანმა „რეგინფოს“.

მანანა საღლიანის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]