weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზვიად რატიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს

12:45 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს.

EMC წარდგენილ საჩივარში დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებასა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.

„საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. ზვიად რატიანი უთითებს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამ ეპიზოდზე, კერძოდ: დაკავების დროს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე - პოლიციის მანქანაში. შედეგად, ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის თერთმეტი დაზიანება, მათ შორის, თავისა და სახის არეში“, – აცხადებს EMC.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს, რომ ზვიად რატიანმა დაზიანებები სწორედ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო.

„ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები, რომლებიც ზვიად რატიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე უთითებენ. თუმცა, ზვიად რატიანისთვის მიყენებული დაზიანებების და პოლიციელთა რაოდენობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება, ძალის გამოყენების პროპორციულობასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს.

„მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს.

ამასთან, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს“, – აცხადებს EMC.

გარდა უკვე წარდგენილი საჩივრისა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC ზვიად რატიანის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება.

EMC-ის შეფასებით, პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ ძალადობამ „კიდევ ერთხელ მძიმედ აჩვენა თვითნებობის და დაუსჯელობის პრობლემა“.

„ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით, მსხვერპლის უფლებების აღდგენა ვერცერთ ეპიზოდთან მიმართებით ვერ მოხერხდა, რაც ასევე უთითებს საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოებში არსებულ მძიმე კრიზისზე. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის აღიარების და ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პირველივე დღიდან, მსხვერპლის დისკრედიტაციის სტრატეგია აირჩია და სრულად უგულებელყო მისი პატივის, ღირსებისა და ფსიქიკური უსაფრთხოების ინტერესები“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება დაუსჯელობის პრაქტიკის წინააღმდეგ საქართველოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]