weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი სასამართლომ დისკრიმინაციად შეაფასა

11:30 ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციად შეაფასა ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

„სასამართლომ გადაწყვიტა, ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პირველი – დადგინდეს ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია, ბათუმში „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ მიმართ. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკითხის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე.

მეორე – ბათილად იქნას ცნობილი სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე უარი თქმის შესახებ ბათუმის მერიის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ 5 მაისის მიღებული გადაწყვეტილება.

ბათუმის მერიას დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის განცხადებაზე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საჭირო გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას, არ დააკმაყოფილა: „ეს არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილება. ნებართვას ბათუმის მერია გასცემს და არა სასამართლო“.

მოსამართლემ სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა, რომ აღნიშნულ ზონაში სადაც, ფონდს ახალი მეჩეთის მშენებლობა სურს, რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიაა, მათ შორის სამი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ქალაქის ხელმძღვანელობას კი მშენებლობაზე მაშინ უარი არ უთქვამს.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ 2016 წლის ივნისში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა დააფუძნა და დაიწყო თანხის შეგროვება ახალი მეჩეთისთვის მიწის შესაძენად. 2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობებით ბათუმში მიწა შეიძინა. ფონდმა ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის 8 თებერვალს მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]