weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით – ადვოკატი ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებაზე

15:39 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული მხარისთვის სრულიად გაუგებარია პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც თანაშემწის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში მხილებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

როგორც ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ დღეს გამართულ პროცესზე პროკურორმა შუამდომლობის დაყენების დროს დაადასტურა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

„მიუხედავად ამისა, პროკურატურამ მოითხოვა გირაოს შეფარდება და ასევე, დამატებით - ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სხვა მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კომუნიკაცია აეკრძალა. ჩვენთვის ეს სრულიად გაუგებარია.

მაშინ, როდესაც პროკურატურა აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რატომ არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას, რატომ ითხოვს გირაოს და დამატებით ღონისძიებებს“, – ამბობს თოდაძის ადვოკატი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლომ პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, აბსურდული სიტუაცია შეიქმნა.

„ძალიან აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დამატებითი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს ნებართვის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაცია. ერთ სამსახურში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაციისთვის სპეციალური ნებართვა რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ? ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ, მოახდენს თუ არა ის ზემოქმედებას ამ მოწმეებზე.

იმიტომ ვითხოვდით პატიმრობის შეფარდებას, რომ შეუძლებელია ვაკონტროლოთ როდის შეხვედება ის თავისი ბიუროს თანამშრომლებს და მეზობლებს, რომლებიც აგრეთვე გამოკითხულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.

თამარ ლუკავასთვის ასევე გაუგებარია, რატომ ჩატარდა სასამართლო პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში: „თუ არის ცუდად და არ შეუძლია გადაადგილება, როგორ შეძლო ერთი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა და სასამართლო პროცესის მოსმენა?!“ – აღნიშნა თამთა თოდაძის ადვოკატმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს ჩაინიშნა.

თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თანაშემწის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]