weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვიდეო ადასტურებს კონფლიქტურ რეგიონებში უმძიმეს მდგომარეობას - ლომჯარია

11:18 პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ასახავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

„წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო.

ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს რათა მაქსმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა. ვიდეო 2 ოქტომბრით არის დათარიღებული. პატიმრების ცემას და არაადამიანურ მოპყრობას წინ უძღოდა 1 ოქტომბერს ცხინვალში მოშიმშილე პატიმრების მონახულება დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარების მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი 12 პატიმარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]