weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებას არ იზიარებს

22:53 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

საქართველოს გენერალური პროკურატურა არ იზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით. პროკურატურას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.

„საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ სრულად გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19 დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი. ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძიების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.

შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 11 თებერვალს.

რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად, გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციას არაერთგვაროვანი მიდგომის გამო, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს, იმ ვითარებაში, როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი თხოვნის გათვალისწინებით, რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე.

საქართველოს პროკურატურა ასევე აშკარა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა ყველა პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მომხდართან, რასაც ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო/უკანონო მოპყრობასთან და ამიტომ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს და ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

ია კერზაიას საქმეში სისტემური ხარვეზები გამოვლინდა - სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]