weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ მიკაილ კადიევის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

12:26 პარასკევი, 28 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის მიკაელ კადიევის სარჩელი, რომლითაც იგი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. სასამართლომ სამინისტროს გადაწყვეტილება გააუქმა და სოზარ სუბარის უწყებას საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიკაილ კადიევს, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უკვე ორჯერ უთხრა.

ლტოლვილთა სამინისტრო თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ვერ დადასტურდა მიკაილ კადიევის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ის რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნება დაღესტანში ადამიანის უფლებების დასაცავად მისი სამოქალაქო აქტივობების და განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო.

ამასთან, ლტოლვილთა სამინისტრო კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ერთ–ერთ გარემოებად, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის წერილობით გარანტიას ასახელებს, სადაც ნათქვამია, რომ კადიევი, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, არ დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღებულ იქნება რუსეთში მიკაილ კადიევის ექსტრადირების გადაწყვეტილება, ის არ მოაწერს ხელს ექსტრადირების დოკუმენტს.

მიკაილ კადიევი და მასთან ერთად მყოფი მისივე ახლობელი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შს სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „მომზადების სტადიაზე აღკვეთილ იქნა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“. სინამდვილეში, პროკურატურამ კადიევს და ომაროვს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა წარუდგინა. კადიევმა და ომაროვმა თავი დამნაშავედ არ ცნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იარაღი მათ კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებისას ჩაუდეს. სისხლის სამართლის საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კადიევს და ომაროვს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მსჯავრდებულებმა გაასაჩივრეს, მაგრამ განაჩენი უცვლელი დარჩა. კადიევი და ომაროვი პატომრობიდან სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, 2015 წლის ივნისში გათავისუფლდნენ. ომაროვმა საქართველო დატოვა, კადიევი კი ამ დრომდე თბილისში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]