weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პოლიციაში ვახტანგ რობაქიძის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

16:12 ორშაბათი, 20 იანვარი 2020
„სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო „სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ მისმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული პირის ვახტანგ რობაქიძის მიმართ პოლიციელების მიერ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დღეს უნდა გამოცხადდეს ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ინფორმაციის მოწოდების მიზნით და მისი გამოკითხვის შემდგომ უფრო ინტენსიურად დაიგეგმება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაც საჭირო იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ის ჯერ ჩვენთან გამოკითხვაზე არ ყოფილა, მეტ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, თუმცა გპირდებით, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებთ,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ვახტანგ რობაქიძის ადვოკატმა როლანდ შონიამ, 19 იანვარს, ახალციხის რაიონულ სასამრთლოში გამართულ პროცესზე, სადაც მოსამართლე რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა, თქვა, რომ მის კლიენტზე პოლიციაში იძალადეს.

„ბრალდებულზე დაკავების შემდეგ იძალადეს ბაკურიანის პოლიციის შენობაში, სადაც თავად ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა და ხელმძღვანელობდა მთელს პროცესებს. ბრალდებულის მიმართ ყველა საპროცესო ნორმები დარღვეულია დაკავებიდან მოყოლებული. მიუხედავად მოთხოვნისა, არ მიეცა ადვოკატთან კონსულტაციის საშუალება.

დაკავების შემდეგ მას პოლიციაში სცემეს. მუცლის არეში აქვს დაზიანებები და მათ შორის ტკივილი, ხუთი დღეა არაფერი უჭამია ტკივილისგან. მიუხედავად მოთხოვნისა, არ გამოიძახეს სასწრაფო და არ გადაიყვანეს გამოსაკვლევად, არ ჩაუტარდა შემოწმება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს ვახტანგ რობაქიძეს შორის შელაპარაკება 14 იანვარს, ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფე-ბარში მოხდა, სადაც ოხანაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. ოხანაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი მის მიმართ აგრესიული გახდა, იწევდა, ემუქრებოდა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მიახლოებას ცდილობდა. პოლიციამ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა რობაქიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ მას სამი დღით პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვისთანავე პროკურატურამ რობაქიძეს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს მუქარას და ხულიგნობას. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებულს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ადვოკატის თქმით, მსგავსი ბრალისთვის პრაქტიკაში გირაოს ოდენობა 2000 ლარს არ აღემატება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვახტანგ რობაქიძემ შესაძლოა თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი მას დააბრალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]