weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსი მოხსნეს

22:32 პარასკევი, 28 თებერვალი 2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურებრივი მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და მას სხვა პოზიციაზე დანიშნავენ.

„ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით მაუწყებლის ონლაინ სამსახურს გაუგზავნეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად დანიშნული ნინო ხაჟომია თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს და მის მოვალეობას დროებით მაუწყებლის თანამშრომელი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

19 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა, დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

ორი კვირაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი - შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე.

მაუწყებელში სუს-ია - ამ სლოგანით, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში პროტესტი ერთწუთიანი დუმილით გამოხატეს.

„ჩვენ ახალი ამბების გუნდის, ჰეშთეგის და ბევრი სხვა გადაცემის სახელით გვინდა, ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვისარგებლოთ და ამ დუმილის ფორმატით გამოვხატოთ პროტესტი, იმ პროცესის მიმართ რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობას.

ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ღია მცდელობა, ღია შტურმი მიმდინარეობს. ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში რათქმაუნდა ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან.

ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით“ - განაცხადა გადაცემა „მთავარის“ წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]