weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს - სახალხო დამცველი

12:15 ორშაბათი, 27 აპრილი 2020

სახალხო დამცველის დასკვნით, აჭარის ტელევიზიიდან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის გათავისუფლება ან გადაყვანა სხვა პოზიციაზე შრომითი უფლებების დარღვევით განხორციელდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი ამბების ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება წარიმართა დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან. ამასთან, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თუ კონკრეტული დისციპლინური სანქციის შეფარდებამდე, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინათ მათ მიმართ არსებული ბრალდებებისთვის და სრულფასოვნად ესარგებლათ თავის გამართლების უფლებით. გარდა ამისა, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის - გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა.

რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, მაუწყებლის საშტატო განრიგში მისი პოზიციის გაუქმების შედეგად, იგი არა არსებითად იმავე ფუნქციების მქონე ახლადშექმნილ რედაქტორის პოზიციაზე, არამედ სხვა, არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს.

სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს, ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

"აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა.

საგულისხმოა ისიც, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის მიზანია გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება. თავისი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ტელევიზიას არაერთ ვალდებულებას უდგენს, რაც უფრო ზრდის ტელეკომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისა და ამ თვალსაზრისით არსებული შეკითხვების გაქარწყლების აუცილებლობას", - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]