weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სუს-ში თამთა მიქელაძის გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს – EMC

15:58 სამშაბათი, 16 ივნისი 2020
ფოტოზე თამთა მიქელაძე ფოტოზე თამთა მიქელაძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის დირექტორი, თამთა მიქელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. გამოკითხვა სუს-ში დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. უწყების განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. გამოძიების დაწყებას წინ უძღვოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომელშიც მან უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაზე და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა.

EMC-ის შეფასებით, გამოძიების პროცესს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება გააჩნდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც EMC გამოძიების პროცესს გამოეხმაურა.

EMC-ის წარმომადგენელი რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის გამოკითხვას ესწრებოდა, თუმცა სუს-მა მას გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მექანიზმის გამოყენება გამოძიების პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის შემცირებას ისახავს მიზნად და გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს.

„დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. თუმცა, ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ასევე ფორმულირება საკმაოდ პრობლემური იყო და აჩენდა აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას. რიგ შემთხვევაში, როდესაც აქტივისტების მიერ ადგილი ჰქონდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე საკუთარი აზრის გამოხატვას, საგამოძიებო ორგანო დასმული კითხვებით თითქოს ადანაშაულებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის შექმნაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუს-ი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია“, – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

როგორც EMC აღნიშნავს, ბოლო წლებია საქართველოს აზერბაიჯანელ თემში ჩანს ადგილობრივი აქტივისტების უნიკალური თვითორგანიზება სოციალური ცვლილებებისთვის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.

„მათი რიტორიკა სამოქალაქო ნაციონალიზმის, თანასწორობის და სოლიდარობის იდეებს ეფუძნება. მათ განცხადებებში აშკარად ჩანს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან ღრმა ემოციური კავშირი და თვითიდენტიფიკაცია. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს აქტივისტების ეს ხმა და ამ სოციალური პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ არ ესმის და ამ უნიკალურ რესურსს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებისთვის არ იყენებს“, – აღნიშნავს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მათთვის პრობლემურია საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით თამთა მიქელაძის დაბარება, რადგან გამოკითხვამ შესაძლოა ორგანიზაციის მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს.

„ბუნდოვანი მიზნების, კონტექსტისა და არაგამჭირვალე პროცედურით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა მის საქმიანობასთან ირიბად დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის გამოვლინებაა და პრობლემურად მიგვაჩნია“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება; არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა.

EMC მიმართავს სახალხო დამცველს, სუს-ში მიმდინარე გამოძიების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს და საკუთარი შეფასებები დროულად გაუზიარეს საზოგადოებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]