weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხელისუფლების გულგრილობა კრიტიკულ კითხვებს აჩენს – EMC ხანგოშვილის საქმეზე

12:42 პარასკევი, 19 ივნისი 2020

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმაურება გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. EMC მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას, დაგმოს რუსეთის რეპრესიული პოლიტიკა და საკუთარი მოქალაქის ინტერესები დაიცვას.

EMC აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე წელია აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების აშკარა გულგრილობას ზელიმხან ხანგოშვილის სიცოცხლის მიმართ.

„2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს და იგი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მომხდარის ირგვლივ საქართველოში დაიწყო გამოძიება, თუმცა მას რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. EMC, რომელიც ხანგოშვილის ინტერესების დაცვას კერძოდ ადვოკატთან ერთად ახორციელებდა, უთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას საქმეზე სიმართლის დადგენის და ეფექტიანი რეაგირების რეალური ინტერესი არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გააჭიანურა და აშკარა გულგრილობა გამოავლინა. მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ხანოგშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე, რის გამოც მას საქართველოს დატოვება და პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა მოუწია.

სამწუხაროდ, ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს საკუთარი, ოფიციალური პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და მასში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობაზეც არაფერი უთქვამს.

საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის მიმართ ამგვარი გულგრილობა, მით უფრო თუ გავითვალისწინებით საქმის ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ კრიტიკულ კითხვებს აჩენს“, – აცხადებს EMC.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურას არაერთი განცხადებით მიმართეს, რომელშიც უთითებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიების მიზნებისთვის გერმანიის კომპეტენტურ ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ითხოვდნენ თბილისსა და ბერლინში მომხდარ თავდასხმებს შორის კავშირისა და სამართლებრივი დეტალების დადგენის მიზნით დაუყოვნებლივ კომუნიკაციას.

„პროკურატურამ ჩვენს მიმართვაზე პასუხი არ გაგვცა და ამ დრომდე უცნობია თანამშრომლობდა თუ არა საქართველოს პროკურატურა გერმანიის კომპეტენტურ ორგანოებთან“, – აცხადებს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას: დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია ხანგოშვილის საქმეზე გერმანიის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის დეტალებისა და მისი შედეგების შესახებ; საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თბილისში 2015 წელს ხანგოშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისა და საქმეზე სამართლებრივი შედეგის არარსებობის მიზეზების შესახებ.

გარდა ამისა, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გამოძიების შედეგების და მისი უმძიმესი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, გააკეთონ ოფიციალური საჯარო განცხადებები, რომელიც ღიად დაგმობს რუსეთის რეპრესიულ პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქის ღირსებასა და ინტერესებს დაიცავს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ფედერაციის ოფიციალური უწყებების მონაწილეობის შესახებ. პროკურატურის განმარტებით, ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, რუსი ეროვნების ვადიმ კ.-მ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთით მოკლა. კერძოდ, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ დაუდგენელ დროს ვადიმ კ.-ს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდირება დაავალა, მკვლელობის საფუძველს ხანგოშვილის ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა როგორც რუსეთის ფედერაციის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ. ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს (2000-2004 წლებში) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. ხოლო შემდეგომ, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, მან შეკრიბა მოხალისეთა რაზმი სამხრეთ ოსეთის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში. რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევდა და ტერორისტული ორგანიზაციის, „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესრელიზში საქართველოს მთავრობის პრორუსული ორიენტაციის შესახებ პოლიტიკური დებატების საგანი გახდა და საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ განცხადებაში „გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება“ და „საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს“. ამასთან, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა საქართველოში გერმანიის ელჩის ჰიუბერტ ქნირშის განცხადება, რომლის მიხედვით, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობის „პრორუსულად“ მოხსენიება ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა გერმანიის პროკურატურის პოზიცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]