weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

NGO-ები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ, სოფიო კილაძე წევრად არ აირჩიონ

12:55 ორშაბათი, 22 ივნისი 2020 hits 1085

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვან ერთერთ ახალ წევრად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის არჩევა.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 2020 წლის მეორე ნახევარში, რიგით მე-18 სესიაზე (კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოთა კონფერენცია), კომიტეტის 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს. საქართველოს კანდიდატად სოფიო კილაძე ჰყავს წარდგენილი.

განცხადებაზე ხელომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის ღიაობისა და გამჭვირვალობის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სოფიო კილაძის შერჩევა მოხდა საზოგადოებისაგან ფარულად და უკვე შერჩეული კანდიდატის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური გვერდიდან, მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე წარდგენილი იყო კანდიდატი.

„ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სოფიო კილაძეს ბავშვის უფლებათა სფეროში სათანადო გამოცდილების არ გააჩნია.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს.

ამასთან, სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაზე მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციას (49 ორგანიზაცია), არ ჩართო ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდა საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება და მოეთხოვა სამოქალაქო სექტორის პროცესში ჩართვა. მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში არ იყვნენ ჩართულები თავად ბავშვები.

სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით.

სოფიო კილაძეს აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი არგუმენტი სოფიო კილაძის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებისა და კანდიდატის დამოუკიდებლობის პრინციპის უგულებელყოფაა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კილაძე დღეს და კანდიდატად შერჩევის დროსაც იკავებდა პარლამენტის წევრის მანდატს, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ კანდიდატად. გარდა ამისა, ის დღემდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია.

განცხადებას ხელს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC), თანასწორობის მოძრაობა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]