weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე ძალადობის 4 ეპიზოდს ედავება – PHR

15:22 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს. მათივე ცნობით, შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.

PHR ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს.

„საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტს.

ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

PHR ითხოვს, „ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას მხედველობაში იქნება მიღებული ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტი, რომელთა შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია“.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე წლის 22 მაისს, ყოფილი მეუღლის მიმართვის შემდეგ დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას. 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და 100 000-ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]