weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2020

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

17:01 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 hits 245

საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და სამუშაოს შესრულება, შვებულება, შრომის ანაზღაურება და სხვა.

შრომის კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ეხებოდა. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, „ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა“. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი გამოვიდა ინიციატივით, ძალაში დარჩეს შრომის კოდექსის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, „ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.

„ვფიქრობ, მართებული იქნება, რომ დავტოვოთ არსებული რეგულაცია, რომ აუცილებელია იყოს ზეგანაკვეთი, მაგრამ არ იყოს სავალდებულო 25%, რადგან ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაჩნდეს გარკვეული ჩრდილოვანი სქემები, ანუ ფაქტობრივად, გარანტირებულად დასაქმებულმა ვერ მიიღოს ის 25%. დარჩეს ის, რაც არის - ზეგანაკვეთი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ვფიქრობ, ეს იქნება გარკვეული დარტყმა ბიზნესზეც“, - თქვა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის მთავრობასთან, კონსულტაციები გაიმართა.

„საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ, გამომდინარე, მათ შორის, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან, ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი ახალი რეგულაციის დაწესება ამ კუთხით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ის მოსაზრება, რომელიც გამოითქვა ირაკლი მეზურნიშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა, გვესმის მეორე მხარის არგუმენტები, თუმცა

ამ ეტაპზე ჩავთვალეთ მიზანშეწონილად დავტოვოთ ის რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს [ზეგანაკვეთური სამუშაოს] 100%-ზე მეტით ანაზღაურებას და არა 125%-იან ანაზღაურებას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ეტაპზე ეს არ ჩაიწერება, თუმცა მოგვიანებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ვითარება შეიცვლება“, - აღნიშნა კობახიძემ.

დღესვე პარლამენტმა, ასევე, მეორე მოსმენით, 86 ხმით მიიღო კანონპროექტი „შრომის ინსპექციის შესახებ“. აღნიშნული ცვლილებებით არსებითად ძლიერდება შრომის ინსპექციის მანდატი, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს. ერთ-ერთი მთავარი ცვლილების თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დღე-ღამის ნებისმიერ დროს; წინასწარი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის არსებობასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია შრომის ინსპექციას, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, პროფესიული საიდუმლოების, პერსონალური მონაცემის მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის შემცველი, რომელიც აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული ინსპექტირების განსახორციელებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]