weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

22:26 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი – „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სარჩელი ნიკა მელიასთვის ვადაზე ადრე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობას ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. პარლამენტმა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.“

ნიკა მელიას ინტერსებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის იურისტები და ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იცავდნენ. 

მოსარჩელის არგუმენტაციით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, ასეთი კი ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც არსებობს მისი გასაჩივრების და შეცვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პარლამენტის 12 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მას უფლებამოსილება შეუწყდა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს და შეიცავს პარლამენტის წევრის უფლებების შეუქცევადად დარღვევის რიკს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პარლამენტის წევრის კონსტიტუციური სტატუსის, მისი ფუნქციების მნიშვნელობისა და ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, აუცილებელია, არსებობდეს პარლამენტის წევრის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მყარი კონსტიტუციური საფუძვლები და არ მოხდეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებელი გზით. 

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, საკანონმდებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ ისეთმა პირებმა, რომელთა ქცევაც შეუსაბამო არაა პარლამენტის წევრის სტატუსთან, რათა საქართველოს პარლამენტის საქმიანობას არ მიადგეს გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი და ეჭვქვეშ არ დადგეს მის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ფუნქციების სანდოობა“. 

„საზოგადოებაში უნდა არსებობდეს აღქმა, რომ პარლამენტის საქმიანობა და კანონშემოქმედებითი პროცესი თავისუფალია შიდა და გარე ჩარევების, ვიწროდ პირადი ინტერესებისა და უკანონო ზემოქმედებისაგან, ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას.

სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა პირდაპირ გავლენას ახდენს მისი აღსრულების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დაუკავშირდება გასაჩივრების უფლების ამოწურვას, შეუძლებელი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულება მაშინაც კი, თუ პარლამენტის წევრს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ამგვარი გადაწყვეტა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ პარლამენტის სანდოობასა და მის ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს ინტერესსაც“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშისა და თამაზ ცაბუტაშვილი განსხვავებული აზრი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლეა. ესენი არიან: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე, თამაზ ცაბუტაშვილი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]