weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გენდერული კვოტირების გაუქმებაზე კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა

14:42 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია გირჩის სარჩელი, რომელიც სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ეხებოდა. მოსარჩელე მხარე სადაოდ ხდიდა პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის დროებით წესს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული არიან, სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

მოსარჩელის განცხადებით, სადაო რეგულაციის არსებობის პირობებში, პრობლემურია, რომ პარტია თავად ვერ განსაზღვრავს საკუთარ სიას. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რეგულაცია ასევე უხეშად იჭრება ამომრჩეველთა უფლებაში, მათთვის სასურველი კანდიდატი აღმოჩნდეს პარტიულ სიაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „გირჩის“ პარტიულ სიას სრულად მისი ამომრჩეველი განსაზღვრავს.

მოსარჩელის ერთ-ერთი არგუმენტის თანახმად, სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ხვდებოდნენ საკუთარი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე და არა მათი სქესიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სავალდებულო კვოტირების ამოქმედებამდე, ისედაც შეინიშნებოდა პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ტენდენცია.

ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა პროცენტული რაოდენობა მცირეა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის იმითაც, რომ ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ“, - განმარტავდა „გირჩი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და ბოლო სამი მოწვევის ფარგლებში 5-დან 16 პროცენტამდე მერყეობს. საუკეთესო მაჩვენებელი, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პროპორციული სისტემის ფარგლებში არჩეულ დეპუტატებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით დაფიქსირებულა, შეადგენს მხოლოდ 23,38 პროცენტს (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები).

„ქალთა დაბალ წარმომადგენლობას არა ერთჯერადი, არამედ განგრძობადი ხასიათი აქვს (დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ქალთა წარმომადგენლობა არასოდეს ყოფილა 16 პროცენტზე მეტი). შესაბამისად, ეს რეალობა არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო შემთხვევითობად, რომელიც შესაძლოა, უახლოეს მომავალში სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თავისთავად შეიცვალოს.

ამგვარ უთანასწორო წარმომადგენლობას შესაძლოა განაპირობებდეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის იმგვარიც, რომელიც არ არის დაკავშირებული ქალებისთვის არც კანონისმიერი და არც გარკვეული საზოგადოებრივი ბარიერების არსებობასთან.

თუმცა ამგვარად მცირე წარმომადგენლობა შეუძლებელია უკავშირდებოდეს მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებს და არ იყოს განპირობებული საზოგადოებაში არსებული, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ხელშემშლელი გარემოებებით.

აუცილებელია ყურადღების გამახვილება არსებულ რეალობაზე, რომელიც საქართველოში ზემოთ უკვე აღწერილი პრობლემებისა და გამოწვევების გამოძახილს წარმოადგენს და, საბოლოოდ, ქალებისთვის ქმნის უთანასწორო გარემოს, მათ შორის, პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

პოლიტიკა განსაკუთრებით სპეციფიკური სფეროა, სადაც მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის საჯარო სივრცეში, ასპარეზზე გამოსვლას, მის კონტაქტს მოსახლეობასთან და პოტენციურად ამომრჩეველთან. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მისი საარჩევნო სიის წარმატება, დამოკიდებულია ამომრჩეველზე, იმ საზოგადოებაზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს და რომლის ნდობის მოპოვებასაც ცდილობს. ამ კუთხით, თავად პოლიტიკური პარტიებიც მოცემული საზოგადოების ფარგლებში და მისი მოთხოვნების კარნახით მოთამაშე სუბიექტებს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით საზოგადოება, რომელში მიღებული სოციალური თუ მორალური ნორმებიც ქმნის ქალებისთვის არათანასწორ გარემოს, აგრეთვე აისახება პოლიტიკური პარტიებისა და თავად პოლიტიკოსთა ნაბიჯებში. იგი ხელს უშლის ქალების ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, აბრკოლებს მათ ცნობადობას და, მიუხედავად ფორმალურ-სამართლებრივი ბარიერების არარსებობისა, შედეგად მათთვის არათანასწორ რეალობას ქმნის.

ასევე, საყურადღებოა მოსარჩელის არგუმენტი, რომლის ფარგლებშიც მიუთითებს, რომ ქალებს, უბრალოდ, ნაკლებად გააჩნიათ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი. ხსენებული დებულება შესაძლებელია, გარკვეული თვალსაზრისით სწორიც იყოს. თუმცა იგი მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ქალის პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელოვნური საზოგადოებრივი ბარიერის არსებობაზე. ქალები საზოგადოების ნახევარს წარმოადგენენ და, შესაბამისად, ხედვის ფორმირებას, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკა ნაკლებად მიიჩნევა ქალისათვის შესაფერის საქმიანობად, ქალები და მამაკაცები ერთობლივად განაპირობებენ. შეხედულებები, რომ ქალებს არ უნდათ პარლამენტის წევრობა, ისინი საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ პოლიტიკაში და ა.შ., კიდევ უფრო აძლიერებს ქალის პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაჯანსაღ, ხელოვნური ბარიერების არსებობის არგუმენტს, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პარლამენტში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა პირდაპირ არის კავშირში მათი უნარების რეალიზებასთან დაკავშირებული ხელოვნური ბარიერების არსებობასთან.

„ამავდროულად, თავისი არსით, საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ისე მნიშვნელოვან ინტერესს დემოკრატიულ საზოგადოებაში. იგი უზრუნველყოფს მეტად ინკლუზიურ, დაბალანსებულ და, რაც ყველაზე მთავარია, პლურალისტურ წარმომადგენლობას“, - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

გადაწყვეტილების თანახმად,

გასაჩივრებული რეგულაცია, პოლიტიკური პარტიებისთვის ქმნის საჭიროებას, მოახდინონ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ქალის მობილიზება და საზოგადოებრივ, საჯარო ასპარეზზე გამოყვანა, მათი გაძლიერება, რათა მორიგი არჩევნებისთვის ისინი იყვნენ ცნობილი და მისაღები ამომრჩეველთა ფართო მასებისთვის.

„პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და, იმავდროულად, მამაკაცებით დომინირებულ სფეროში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, აგრეთვე საზოგადოებრივი განწყობების შეცვლისთვის, რომელსაც გაცილებით ფართოდ, ცხოვრების სხვა სფეროებზე გავრცელების ეფექტი აქვს.

პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობას გააჩნია მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა, გადაცემადი ეფექტი სხვა სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ქვეყნის მართვაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი სტერეოტიპების დამარცხებას, რომლის თანახმადაც, გარკვეული საკითხები „ქალის საქმე არ არის“ და მათ მთელ რიგ სფეროებში გადაწყვეტილების მიღებისას კაცის თანასწორი უფლება არ გააჩნიათ. ამდენად, კონკრეტული, სადავო რეგულაციის მიზანი არა მხოლოდ კონსტიტუციითაა უშუალოდ განსაზღვრული, არამედ იგი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სქესთა შორის რეალური თანასწორობის ჩამოყალიბებისა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისთვის, - მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამარლომ აღნიშნა, რომ სავალდებულო კვოტირება დროებით ხასიათისაა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სავალდებულო კვოტირების სისტემას 2032 წლის და მისი შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნებისთვის, მანამდე კი რიგგარეშე არჩევნებისთვის, პარტია ვალდებულია პარტიული სიის ყოველ ოთხეულში სულ მცირე ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატი შეიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. 2028 წლის არჩევნებისა და ამ არჩევნების მომდევნო, 2032 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]