weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ახმეტის მერიამ პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე შეაჩერა

18:18 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან გაიწვია სოფელ დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის საკითხი. ამ შენობაშია იჯარით განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. მერიის წარმომადგენელმა თინათინ კუდიანაშვილმა საკითხის უკან გაწვევის მიზეზი არ განმარტა და დარბაზი დაუყოვნებლივ დატოვა. საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო. არცერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ითხოვდა მერია დაჩქარებულ რეჟიმში შენობის გაყიდვას ან უკან რატომ გაიწვიეს საკითხი, რომლის განსახილველადაც საკრებულოს 24 წევრი საგანგებოდ შეკრიბეს.

რომ არ გაეწვიათ, ჩვენ ვიმსჯელებდით. აქ ზუსტად იმიტომ ვართ, რომ უნდა გვემსჯელა და საღი გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩემი ინფორმაციით, რადიოს წინააღმდეგი არავინ არის. აგერ არიან პანკისის ხეობის დეპუტატები და არავინ არის მათი საქმიანობის წინააღმდეგი“, - უთხრა ჟურნალისტებს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილმა.

პანკისის სათემო რადიოს ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის თქმით, პანკისის ხეობიდან სათემო რადიოს გაძევებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია დაინტერესებული.

„სათემო რადიო გამოირჩევა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკითა და კრიტიკული საქმიანობით. მათ შორის ვწერთ და ვლაპარაკობთ ხეობაში რუსულ გავლენებზე. თვითონ სუს-ის თანამშრომლებს შორისაც კი არიან პირები, რომლებსაც აქტიური კავშირები აქვთ რუსულ სპეცსამსახურებთან და სხვადასხვა საკითხს აგვარებენ. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, ხეობაში ჰესები რომ ვეღარ შენდება, ამას სათემო რადიომ შეუწყო ხელი და ინვესტორი რომ გაიქცა პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ჩვენი ბრალიც ყოფილა, წინააღმდეგობა გაზარდეთო. კიდევ ერთი საკითხი, რასაც გვედავებიან, გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის გაშუქებაა. ახალგაზრდა კაცი პოლიციელების თვალწინ ჩაცხრილეს შეიარაღებულმა პირებმა. რადიო ამ საკითხს ფართოდ და სიღრმისეულად აშუქებს. ეს აღიზიანებთ და გვიპირისპირდებიან. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ მთავარი ესენია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებაა, რომ სათემო რადიო, რაც შეიძლება სწრაფად გააძევონ ხეობიდან. ამ დავალების შესრულებაში სუს-ს ეხმარებიან ახმეტის მერი, საკრებულოს ზოგიერთი წევრი და რადიკალურად განწყობილი ჯგუფი. ამ პროცესში ჩართეს როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელიც და ბავშვებზე აპელირებით ცდილობენ საკითხის შეფუთვას და ყურადღების გადატანას.

ორჯერ გამართეს აქცია რადიოს წინააღმდეგ. სალაფიტური თემის იმამი და სხვა სასულიერო პირებიც ჩართეს. ჩვენ ვიცით, ვინც მართავს ამ აქციებს და ორგანიზებულ კამპანიას სუს-თან შეთანხმებით. ეტაპობრივად ყველაფერს გავამჟღავნებთ“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.

მისივე თქმით, რადგან აქციებისა და მუქარების შემდეგ მიზანს ვერ მიაღწიეს და რადიო კვლავ აგრძელებს მუშაობას, გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაინც, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ მედიასაშუალება ოფისის გარეშე დატოვონ.

„ამიტომაც მოამზადეს სასწრაფოდ დოკუმენტები და დაჩქარებული წესით მიმართეს საკრებულოს, რომ შენობის პრივატიზების საკითხზე თანხმობა მიეღოთ. ჩვენ არაფერი გვითხრეს იმის მიუხედავად, რომ შენობაში კანონიერად ვიმყოფებით. 4 წლის წინ, როცა ეს ფართი მერიისგან იჯარით ავიღეთ, ისეთ მდგომარეობაში იყო, მუშაობა არ შეიძლებოდა. ახლა სანიმუშო მდგომარეობაშია ჩვენი სახსრებითა და გაწეული შრომის შედეგად. საკრებულოს დღევანდელი სხდომის შესახებ შემთხვევით გავიგეთ, ჩვენი წყაროსგან. არც ანონსი გამოაქვეყნეს ვებგვერდზე, არც დღის წესრიგი. გუშინვე ვთქვით, რომ მერიის მიერ შენობის გაყიდვის მცდელობა რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია. კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა და მიხვდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი ხმაური არ აწყობდათ და დროებით, არჩევნებამდე შეაჩერეს. მაგრამ, უხმაუროდ ვერასდროს ჩაივლის, ვერც არჩევნების შემდეგ, თუ ისევ გაგრძელდა“.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის საკრებულოს წევრის, შაქრო ტერტერაშვილის განცხადებით, ამ საკითხის განხილვა ცხადად აჩვენებს, რომ პროცესები ადგილიდან არ იმართება.

„წინა კვირას, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ პრივატიზების პირობები ჩამოყალიბებული ჰქონდათ, ყველაფრისთვის მზად ვართო იძახდნენ, ყველაფერი შესწავლილი გვაქვსო. დღეს თქვეს, რომ თურმე ყველაფერი შესწავლილი არ გვაქვს და უკან უნდა გავიტანოთო. მნიშვნელოვანია ისიც იცოდეს მაყურებელმა, რომ ამ შენობაში დღეს განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისია. რამდენიმე დღეში არჩევნებია და ობიექტის გაყიდვა უნდოდათ. რაც შეეხება რადიოს და სასწავლო ცენტრს, არავინ არის წინააღმდეგი, რომ სასწავლო ცენტრი იყოს პანკისში და პირიქით, თუ ამას ვინმე მხარს უჭერს, ჩვენც ვუჭერთ, მაგრამ ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ის რომ სასწავლო ცენტრი იყოს თავისუფლად, აბსოლუტურად შესაძლებელია ისე, რომ რადიო არ გამოვიდეს იქიდან. მე ვფიქრობ, ეს კეთდება იმისთვის, რომ რადიოს შეექმნას პრობლემა“.

„შენ კარგი რა გაქვს გაკეთებული, რომ მხარი დაგიჭირო?“, - მიმართა პანკისის სათემო რადიოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ხალაწნის თემიდან, როსტომ ალხანაშვილმა. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2018 წლის 15 ივნისს, პანკისის ხეობაში კადიროვების მხარდამჭერი აქციის გამართვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მდგომარეობის განმუხტვის მიზეზით, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები შეიყვანა. იმ პერიოდში როსტომ ალხანაშვილი ხალაწნის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგენელი იყო. 2019 წლის 19 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ როსტომ ალხანაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და ის საკრებულოს წევრი გახდა.

როსტომ ალხანაშვილი მონაწილეობდა 2020 წლის 29 აგვისტოს, სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ გამართულ პირველ საპროტესტო აქციაში, სადაც რადიოს ოფისის დარბევით დაემუქრნენ, მის დამფუძნებელს კი ძალადობით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით. ამ აქციას „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის საკრებულოს სხვა წევრები და მერიის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

„ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, - თქვა 29 აგვისტოს აქციაზე სოფელ დუისში მცხოვრებმა თამაზ მარგოშვილმა.

„გამოხტომები იყო. ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ შეიძლება. ასეთ რამეს ჩვენ არ დავუშვებდით მანდ გინდაც ყოფილიყო. ჩვენი ინტერესი შენი გაძევება არ არის. ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ხეობაში რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა მიიღოს განათლება. თუ ფართი არ ჰყოფნით და შესყიდვა უნდათ, ეგ მაგათი საქმეა (გულისხმობს როდის სკოტის ფონდს, რომელსაც ამავე შენობაში ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსები აქვს)“, - აღნიშნა დღეს გამართული საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ თამაზ ბორჩაშვილმა, ახმეტის საკრებულოში ჯოყოლოს მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სათემო რადიოს წინააღმდეგ გამართული პირველი აქცია საჯაროდ სწორედ როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სუს-ის თანამშრომლების დახმარებით. მარგოშვილმა პანკისის მცხოვრებლები განზრახ შეიყვანა შეცდომაში, თითქოს შენობას, სადაც ბავშვებს ინგლისურს ასწავლიან, სათემო რადიო ყიდულობდა და იქიდან მათ გაძევებას აპირებდა. მარგოშვილმა მასწავლებლებს დაავალა, აქციაზე ბავშვები და მათი მშობლები მიეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიანიშნა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და დუისის საარჩევნო უბანზე ამავე პარტიის წარმომადგენელია. ახმეტის მერიაში შენობის პრივატიზების საკითხზე წარმოება სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

„მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. დავუდგებით და არ შევუშვებთ“; „თავის რადიოს დავამხობთ თავზე თუ მოითხოვა საქმემ“; „თუ წავა თავისი ფეხით, წავა, თუ არადა ძალით გავუშვებთ აქედან“ - მუქარის შემცველი არაერთი განცხადება გაკეთდა 5 სექტემბერსაც, როცა სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ პანკისში მეორე აქცია გამართეს. აქციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად სალაფიტური თემის წარმომადგენლები, მათ შორის ხეობაში ამავე თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი, იგივე აბუ მუსლიმი.

არც პირველ და არც მეორე აქციაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]