weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პოლიციაში უჩა ილაშვილის ცემის საქმეზე სახელმწიფოს 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა

10:14 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე „უჩა ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მორიგებით დასრულდა. საქმე ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის დაჭრის საქმეზე დაკავებული უჩა ილაშვილის პოლიციაში ცემას და ამ ფაქტის არაეფექტურ გამოძიებას.

სტრასბურგის სასამართლოს „უფლებები საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ უჩა ილაშვილის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე, განმცხადებელი მიიღებს მატერიალური და მორალური ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას 10 000 ევროს ოდენობით“, – აცხადებს „უფლებები საქართველო“.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ უჩა ილაშვილის აღნიშნული თანხა სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.

35 წლის უჩა ილაშვილი 2019 წლის 22 მარტს დააკავეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც უჩა ილაშვილი და თორნიკე ტურიაშვილი მდინარე ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ. „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, ბესიკ შუბითიძემ ორივე მოქალაქის მიმართულებით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 10-ჯერ ისროლა და ტურიაშვილს ზურგში 5 ჭრილობა მიაყენა.

ადვოკატი აცხადებდა, რომ უჩა ილაშვილსა და თორნიკე ტურიაშვილს დაკავების დროს სასტიკად სცემეს. მისივე თქმით, ილაშვილის ცემა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა - პოლიციელები მას სთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას, რომელიც დაემთხვეოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებას, თითქოსდა ბესიკ შუბითიძე თავს იცავდა თავდამსხმელი ბრაკონიერისგან და ამიტომ ისროლა. ილაშვილი ცემაში პოლიციის უფროსის მოადგილეს ბექა ახალაურს და ერთ-ერთ პოლიციელს ალექსანდრე შაკიაშვილს ადანაშაულებდა.

ადვოკატის განცხადებით, ცემის შემდეგ უჩა ილაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ჩოფიკაშვილის თქმით, სწორედ იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანებები დაკავებულის სხეულზე.

უჩა ილაშვილი 26 მარტს ხელმეორედ დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. პროკურატურამ სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ილაშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

უჩა ილაშვილის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დღემდე გრძელდება.

უჩა ილაშვილი და მისი ადვოკატი თანამდებობიდან შუბითიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან „ის ყოველგვარი წესების გარეშე მოქმედებდა და მკველელობის მცდელობა ჩაიდინა ორი ადამიანის მიმართ“. შუბითიძე დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]